მაია ცქიტიშვილი - 13 ივნისის ტრაგედიამ მოგვცა საშუალება, დაგვენახა ის ახალი ენერგია, ის ერთობა, რომელიც ახალგაზრდობის მხრიდან მოდიოდა
13 ივნისის ტრაგედიამ მოგვცა საშუალება, დაგვენახა ის ახალი ენერგია, ის ერთობა, რომელიც ახალგაზრდობის მხრიდან მოდიოდა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განახლებული „მზიურის“ გახსნისას განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანის შრომის შედეგი არის სილამაზე, ახალი სიცოცხლე, რომელიც დაუბრუნდა „მზიურს“.
„როგორც ვამბობთ ახლა, ამ გლობალური პანდემიის პირობებში, ამ რთულ დღეებში, ნებისმიერი კრიზისი უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა და ალბათ, „მზიური“ არის ერთ ერთი იმის ძალიან მკაფიო მაგალითი. იმ გასაჭირმა, იმ სირთულემ, იმ ნგრევამ, რაც იყო ამ ტერიტორიაზე, მისცა საშუალება პარკს, რომ ახალი სიცოცხლე შეეძინა. ვიცით, რომ რეალურად, „მზიურის“ პარკი ძალიან ბევრი წლის განმავლობაში იყო მივიწყებული. სამწუხაროდ, სხვა გეგმებიც იყო, კერძოდ, გასხვისდა, სულ სხვა გეგმები არსებობდა ამ ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც ნამდვილად არ შეესაბამებოდა ამდენი ადამიანის სურვილს. სწორედ 13 ივნისის ტრაგედიამ მოგვცა საშუალება, რომ დაგვენახა ის ახალი ენერგია, ის ერთობა, რომელიც ახალგაზრდობის მხრიდან მოდიოდა და ეს ენერგია ჩვენი მეგობრების დახმარებით – ევროკავშირის, ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელშეწყობით, მიგვემართა იმისთვის, რომ ახალი სიცოცხლე შეგვეძინა ამ პარკისთვის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, პარკის განახლებაში წვლილი შეიტანეს ახალგაზრდებმა.
„ასევე, ყველასთვის და ჩვენი ახალგაზრდებისთვის შეიძლება ნაკლებად ცნობილია, მგრამ ჩვენი თაობის ადამიანებს გვახსოვს, რომ „მზიურის“ პარკი არის ჩვენი დიდი მწერლის, ნოდარ დუმბაძის იდეა, რომელიც განხორციელდა 1982 წელს. ეს პარკი გაიხსნა და მაშინაც ეს პარკი იყო შექმნილი ახალგაზრდობისთვის, ბავშვებისთვის. მე ძალიან მიხარია, რომ ამ პარკის პროექტირების პროცესშიც ახალგაზრდები იყვნენ ძალიან აქტიურად ჩართულნი.
ახლა გვიყვებოდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია და ჩვენი გუნდი მთლიანად, რომელიც იყო ყოველდღიურ რეჟიმში ამ პარკის განვითარებაში ჩართული, ვიცით რომ ძალიან აქტიურად ჩვენი ახალგაზრდებიც იყვნენ ჩართულნი. ძალიან ბევრი ტერიტორია, ძალიან ბევრი ზონა სწორედ ახალგაზრდობის ჩართულობით იქნა დაპროექტებული. დღესაც აქვთ მათ სურვილი, რომ თვითონვე განავითარონ ეს ტერიტორია, თვითონ მოხატონ, თვითონ მოიფიქრონ კიდევ ბევრი ახალი იდეა და ძალიან ბევრი იდეა უკვე არსებობს ამ პარკის განვითარებასთან დაკავშირებით და რომელსაც უკვე დარწმუნებული ვარ, თბილისის მერია ძალიან მალე განახორციელებს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ამიერიდან პარკი თბილისის მერიას გადაეცემა.
„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც დგას „მზიურის“ ისტორიის უკან, ჩვენ დღეს გვესწრება მათ შორის არქიტექტურული ჯგუფის ნაწილი, რომელიც იყო ჩართული ჯერ კიდევ 1980-იანებში ამ პარკის განვითარებაში; რა თქმა უნდა, ბატონი ნოდარ დუმბაძის ოჯახის წარმომადგენლებიც აქ არიან. გარდა ამისა, ამ პარკის რეაბილიტაციის პროცესშიც იყვნენ ჩართული არქიტექტორები, რომლებიც აქ არიან. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ქართული სამშენებლო კომპანია და ის ადამიანები, რომლების ძალისხმევითაც ეს სილამაზე შეიქმნა. ამდენად, მე მინდა, მოგილოცოთ ეს დღე და რა თქმა უნდა, ვუსურვო ყველას, რომ განახლებული პარკი გახდეს ის პლატფორმა, ბაზისი, სადაც ჩვენი ახალგაზრდები უკვე ამ პარკის განვითარებაში შეიტანენ წვლილს. მინდა, დიდი სიამოვნებით უკვე პარკი გადავცეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან თბილისის მერიას და შესაბამისად, ბატონ კახის და მის გუნდს მინდა, ვუსურვო წარმატებები ახალგაზრდებთან ერთად ამ პარკის განვითარებაში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.