„მზიურის“ ტერიტორიაზე, ადგილმონაცვლეობის გზით დაბრუნებულ მიწის ნაკვეთზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
„მზიურის“ ტერიტორიაზე, ადგილმონაცვლეობის გზით დაბრუნებულ მიწის ნაკვეთზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაბრუნების შემდეგ რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით მოეწყობა.

„იცით, რომ „მზიურის“ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი გასხვისებული, კერძო საკუთრებაში იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტს დავუბრუნეთ. გვინდა, აღნიშნული სივრცე მოვაწესრიგოთ, სადაც საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სათამაშო მოედნები, საპიკნიკე არეალი, ცხოველების სასეირნო ზონა, ფანჩატური, გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ჩატარდება გამწვანებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება: დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესება ბალახი. როგორი მიდგომაც გვაქვს რეკრეაციული სივრცეების მიმართ, ყველაფერი იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული პროექტის განხორციელების უმოკლეს პერიოდში დაწყება თბილისის მერმა მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას დაავალა.

„მინდა, ანდრია ბასილაიას დავავალო, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ აღნიშნული პროექტის განხორციელება და ამ სივრცის მოწესრიგება, რათა გაზაფხული-ზაფხულში „მზიურს“ ჰქონდეს კიდევ უფრო გაზრდილი ტერიტორია, რადგან მას უამრავი ადამიანი სტუმრობს. ასე რომ, ეს სივრცეც ყველანაირად იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.