ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მზიურის პარკში ღონისძიებები გაიმართება
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მზიურის პარკში ღონისძიებები გაიმართება

პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და ვაკის რაიონის გამგეობის ერთობლივი ორგანიზებით, თბილისში, მზიურის პარკში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ბავშვთა გასართობი ღონისძიებები.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქტივობები რამდენიმე ლოკაციაზე 16:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.

„სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენები ბავშვებისთვის და ზღაპრის გმირების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა გასართობი აქტივობები. დღის განმავლობაში ღონისძიებები განხორციელდება ღია სივრცეში.

აგრეთვე, პირველ ივნისის ღონისძიების მიმდინარეობისას, თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში, გაიმართება საბავშვო ლიტერატურისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მეზღაპრის კუთხე და სხვადასხვა აქტივობა.

მთელი დღის განმავლობაში, ბავშვებს სხვადასხვა სახის ტკბილეული უფასოდ გადაეცემათ, მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირები იზრუნებენ. დასწრება თავისუფალია“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.