მაჭახელას ხეობაში ჰიდროელექტროსადგური შესაძლოა აღარ აშენდეს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
რიჟვაზე ამბობს, რომ მოსახლეობის მოთხოვნები და პროტესტი ხელისუფლებისთვის გასათვალისწინებელია, ამიტომ ამ საკითხზე ინვესტორთან და მოსახლეობასთან მოლაპარაკებები გაიმართება.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვსწავლობთ მოსახლეობის პროტესტის მიზეზს. ამავე დროს ვმუშაობთ ინვესტორთან. ძალიან მალე ჩამოვყალიბდებით ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შესაძლოა, გულისხმობდეს პროექტის არგანხორციელებას ხეობაში. ძალიან მალე ჩამოვყალიბდებით. მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
დღეს მაჭახელას ხეობის მცხოვრებლებმა 8500 ხელმოწერით მიმართვა გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომელშიც ჰესის მშენებლობის თაობაზე ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორს შორის გაფორმებული მემორანდუმის გაუქმებას ითხოვენ. ხეობაში რამდენიმე საპროტესტო აქციაც მოეწყო.
ადგილობრივები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან და ხეობაში პრიორიტეტად ტურიზმის აღიარებას ითხოვენ.