გიორგი აბრამიშვილი - ჩვენ ჰიდრორესურსების ქვეყანა ვართ და ალტერნატიული ენერგია საერთო სურათს რადიკალურად ვერ შეცვლის
გიორგი აბრამიშვილი - ჩვენ ჰიდრორესურსების ქვეყანა ვართ და ალტერნატიული ენერგია საერთო სურათს რადიკალურად ვერ შეცვლის

საქართველო ჰიდრორესურსების ქვეყანაა და რაც აქვს, ის პოტენციალი უნდა აითვისოს. ალტერნატიულ ენერგიებში დიდი თანხებიც რომ ჩაიდოს, ის ქვეყანაში არსებულ სურათს რადიკალურად ვერ შეცვლის და ჰიდროს ვერ ჩაანაცვლებს, – ამის შესახებ განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ჰიდრორესურსების ათვისების პოტენციალი და გამოწვევები განიხილეს.

აბრამიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება 2025-2030 წლებში სავარაუდოდ გაორმაგდება და 26 მილიარდ კილოვატამდე ავა, რაც ქვეყნის ენერგოდამოკიდებულებას გაზრდის, მაშინ როცა საქართველოს ჰიდორორესურების მხოლოდ 20 პროცენტი აქვს ათვისებული. მისი აზრით, თუ ქვეყანა დარჩენილ 80 პროცენტს აითვისებს, არათუ ენერგოდეფიციტი, არამედ წელიწადში ერთი მილიარდი დოლარის სტაბილური შემოსავალიც ექნება.

„ერთხელ გავაკეთეთ გათვლა. ეს 80 პროცენტი რომ ავითვისოთ, ჩვენი საკუთარი გენერაცია დაახლოებით 50 მილიარდ კილოვატზე ავა, ანუ ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე პროგნოზირებული მოხმარება იქნება 2030 წლისთვის. ეს ნიშნავს, რომ საკუთარ მოხმარებასაც დავაკმაყოფილებთ და დარჩენილი 25 მილიარდი რომ ექსპორტზე, ვთქვათ, კილოვატი 5 ცენტად გავიტანოთ, ყოველ წელს ერთი მილიარდი დოლარის, ანუ დაახლოებით სამი მილიარდი ლარის შემოსავალი გვექნება ქვეყნაში. ეს საკმაოდ სერიოზული ციფრია ჩვენი მსგავსი პატარა ქვეყნისთვის იმისთვის, რომ განახლებადი რესურსის გამოყენებაზე უარი ვთქვათ“, – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ჰიდროსადგურების პროექტების განხორციელებას რეგიონებში ერთი მხრივ გარემოსდამცველების პროტესტი აფერხებს, მეორეს მხრივ კი მოსახლეობის, რადგან მას ჰიდრორესურსების ათვისებასთან დაკავშირებული სარგებელი ბოლომდე არ ესმის. აბრამიშვილი თვლის, რომ მოსახლეობის ნდობის მოპოვება ფართომასშტაბიანი კომუნიკაციის სტრატეგიის მეშვეობით უნდა მოხდეს.

„სამწუხარო რეალობაა და სერიოზული პრობლემაა ეს სოციალური საკითხი. ერთი მხრივ, ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო სტრატეგია უნდა შევიმუშაოთ და მოსახლეობასთან კომუნიკაცია ყველა საფეხურზე უნდა გვქონდეს. ცეცხლის ჩაქრობის პრინციპით კი არ უნდა მივუდგეთ, არამედ ყოველ ჯერზე პროექტების სარგებელზე უნდა ვესაუბროთ“, – განმარტა აბრამიშვილმა.

მას გარემოსდამცველების პროტესტის მიმართ გარკვეული ეჭვები აქვს, რომ ზოგჯერ მათი პროტესტი პროვოკაციულია.

„მეორე მხრივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და არაერთხელ გვითქვამს, სამწუხაროდ, არსებობს ეჭვები, რომ ის მეზობელი ქვეყნები, რომლებზეც ჩვენი ენერგოდამოკიდებულბა იზრდება, ამ დამოკიდებულების ზრდას ხელს უწყობენ. აქედან გამომდინარე, უკეთესად უნდა ვიმუშაოთ ამ ნაწილშიც, რომ პროვოკაციებს არ ავყვეთ. პირველ რიგში, ჩვენ განახლებად რესურსზე ვსაუბრობთ, ჰიდროს შემთხვევაში. ე.წ. მწვანეებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ჩვენ თბოსადგურების მშენებლობა გადაგვარჩენს. შესაბამისად, მეორე მეზობელ ქვეყანაზე დამოკიდებულებაზეა აქ საუბარი. ის, რომ თბოსადგურები გარემოსთვის ყველაზე მავნე გენერაციის საშუალებაა, ამაზე დავაც არ არის საჭირო“, – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ალტერნატიული ენერგიები უნდა გამოიყენოს, თუმცა ჰიდრორესურსების ათვისებას საქართველოსთვის პრაქტიკულად ალტერნატივა არა აქვს, რადგან ის ყველაზე იაფ და სტაბილურ ელექტროენერგიას აწარმოებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ალტერნატიული ენერგიის ყველა წყარო უნდა გამოვიყენოთ, თუმცა არის რამდენიმე წინაპირობა, რის მიხედვითაც ჰიდრორესურსი პირველ პლანზე დგას. პირველია ფასი. იმ თანხის მიხედვით, რასაც სახელმწიფო განახლებადი ენერგიების ხელშეწყობაში დებდა, რომ გადახედოთ ყველა აღმოსავლეთ ევროპულ, ევროპულ თუ პოსტსაბჭოთა სივრცეს, გარდა რუსეთისა და აზერბაიჯანისა, რომელსაც საკუთარი ენერგორესურსი აქვთ, ჩვენ განახლებადში ყევლაზე ნაკლებს ვიხდით. თუ ჩვენ გვინდა, სოციალური პრობლემები არ გვქონდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ ჰიდრორესურსი ყველაზე იაფია. მერე არის ქარის რესურსი და ყველაზე ძვირი მზის ენერგია. მეორე პრობლემა, რასაც ვაწყდებით აქ, ქარის ენერგია და მზის ენერგია ყველაზე ძვირია. გარდა ამისა, ქარის და მზის ენერგია არასტაბილურია და პროგნოზირებაც რთული. მათ მარგი ქმედების დაბალი კოეფიციენტი აქვთ. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა ამათ დაეყრდნოს. რაც მთავარია, სარეზერვო ენერგია უნდა არსებობდეს, როგორიცაა თბოსადგური და ჰიდროების ის ნაწილი, რომელსაც კაშხალი და რეზერვუარი აქვს. კაშხლიანი ჰიდროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შენახვა შეგვიძლია, რაც ქარსა და მზეს არ აქვს. ჩვენ ვართ ჰიდროს ქვეყნა. ჩვენი ჰიდრორესურსი მცირეა, მაგრამ ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ. მიუხედავად იმისა, თუ მზად ვიქნებით ალტერნატიულ ენერგიებში მეტი ფული გადავიხადოთ, ეს სურათს რადიკალურად არ შეგვიცვლის. საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და ენერგოდამოუკდებლობაში ალბათ ეს დიდ გარდატეხას ვერ მოახდენს“, – განუცხადა აბრამიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.