ნინო ჩხობაძე - საქართველოში ენერგეტიკა აუცილებლად უნდა განვითარდეს, თუმცა არა გარემოსთვის ზიანის მიყენების ხარჯზე
ნინო ჩხობაძე - საქართველოში ენერგეტიკა აუცილებლად უნდა განვითარდეს, თუმცა არა გარემოსთვის ზიანის მიყენების ხარჯზე

საჭიროა დადგეს საკითხი, თუ რატომ არის ხალხი ენერგეტიკის წინააღმდეგ უარყოფითად განწყობილი – ამის შესახებ „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელმა, ნინო ჩხობაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნინო ჩხობაძის თქმით, საქართველოში ენერგეტიკა აუცილებლად უნდა განვითარდეს, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს გარემოსთვის ზიანის მიყენების ხარჯზე. გარემოსდამცველი აცხადებს, რომ ყველა ინვესტორი, რომელიც ფულს აბანდებს ელეტროსადგურში, სამი-ოთხი წელი უნდება მოსახლეობასთან კამათს, ნაცვლად იმისა, რომ გაზომოს წყლის რესურსი.

„პანკისში რაც განვითარდა და მოსახლეობის წინააღმდეგობა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან, არ არის პირველი საქართველოსთვის. თითქმის ყველგან, საქართველოს ყველა მთიან რეგიონში იყო პროტესტი ჰიდროელექტრო საკითხებთან დაკავშირებით. უნდა დადგეს საკითხი, თუ რატომ არის ხალხი ასე განწყობილი ენერგეტიკის წინააღმდეგ და რაში ხედავენ პრობლემას.

სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდ სერიოზულად კლებულობს წყლის რაოდენობა და არის პროგნოზირებული, რომ მოიკლებს უფრო მეტად კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე. პანკისში მოდინებაზე აშენებული ელექტროსადგურები უნდა გაკეთდეს. ასეთმა აშენებულმა ჰესებმა ძალიან ბევრ ადგილას უკვე შეუქმნა პრობლემები ადგილობრივ მოსახლეობას. გარემოსდამცველებზე უკეთ ხედავს მოსახლეობა რა პრობლემების წინაშე დადგა სოფელი, როდესაც მოექცა მდინარე მილში და უცებ სოფელს დაუწყდა წყარო.

სამწუხაროდ, ყველა ინვესტორი, რომელიც ფულს დებს ამ ელექტროსადგურში, სამი-ოთხი წელი უნდება მოსახლეობასთან კამათს, ნაცვლად იმისა, რომ გაზომოს წყალი. ადგილზე წყლის რესურსი არ არის შეფასებული ისე, როგორც უნდა იყოს“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ამასთან, ნინო ჩხობაძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემაცაა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არ შედგა არანაირი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, დარღვეული იყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა, იყო დარღვეული ურთიერთობა საქმიანობის დამწყებსა და მოსახლეობას შორს. ჩვენ ვხედავთ, რომ დაცულია მხოლოდ საქმიანობის დამწყები კომპანიის ინტერესი და არ არის დაცული არც ადგილობრივებისა და არც ეკოსისტემის ინტერესი. კომპანიას ბოლომდე არ აქვს შესწავლილი, იქ ბევრი რამ იკვეთება, ბიომრავალფეროვნების შეფასება თითქმის არ არის, გეოლოგიური შეფასება არ არის და ა.შ.“ – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.