გიორგი ლაკირბაია - ალტერნატიულ ენერგიებზე ის ქვეყნები გადადიან, რომლებმაც ჰიდრორესურსი სრულად ამოწურეს, ჩვენ კი მხოლოდ სამ-ოთხ პროცენტს ვიყენებთ
გიორგი ლაკირბაია - ალტერნატიულ ენერგიებზე ის ქვეყნები გადადიან, რომლებმაც ჰიდრორესურსი სრულად ამოწურეს, ჩვენ კი მხოლოდ სამ-ოთხ პროცენტს ვიყენებთ

ალტერნატიული განახლებადი ენერგიების განვითარებაზე ძირითადად ის ქვეყნები გადადიან, ვისაც ჰიდრორესურსი ამოწურული აქვთ, საქართველო კი თავისი ჰიდრორესურსის მხოლოდ სამ-ოთხ პროცენტს იყენებს. ასეთ ჰიდრორესურსზე უარის თქმა დანაშაულია, – ამის შესახებ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენელმა, გიორგი ლაკირბაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემაში ჯერ კიდევ მშენებარე „შუახევიჰესის“ მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით. ჰესს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ აშენებს და მისი მშენებლობა, გვირაბის ჩამოშლის გამო, ორი წლით შეფერხდა. თუმცა, როგორც ლაკირბაია ირწმუნება, გვირაბი სრულად არის რეაბილიტირებული და ჰესი სატესტო რეჟიმში წლის ბოლომდე შევა.

გადაცემის მსვლელობისას გადაცემის თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა ქვეყანაში ადგილობრივი ელექტროენერგიის მზარდ დეფიციტს გაუსვა ხაზი და არსებული ჰიდრორესურსების ათვისების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, უახლესი სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ელექტროენერგიის წარმოების დადგმული სიმძლავრე 10 მილიარდი კილოვატსაათია, მაშინ როცა მოთხოვნა უკვე 13 მილიარდს შეადგენს. შესაბამისად, სამი მილიარდი კილოვატსაათის შემოტანა ქვეყანას იმპორტით უწევს და დაახლოებით 100 მილიონ დოლარს ხარჯავს ამაში.

გიორგი ლაკირბაიას განმარტებით, ჰიდროენერგია დღემდე განახლებადი ენერგიის უალტერნატივო წყაროდ რჩება მთელ მსოფლიოში.

„ჰიდროენერგია დღემდე განახლებადი ენერგიის უალტერნატივო წყაროა მსოფლიოში. მზისა და ქარის ენერგიაზე მუშაობენ, მაგრამ ძირითადად ამ პროექტებზე ის ქვეყნები გადავიდნენ, რომლებმაც თავისი ჰიდრორესურსები სრულად ამოწურეს. კარგი მაგალითია ჰოლანდია. ის თავისი ჰიდრორესურსის 97 პროცენტს იყენებს, მაშინ, როცა ჩვენ ვიყენებთ ჩვენი რესურსის სამ პროცენტს, ყველაზე კარგი გათვლით – ოთხ პროცენტს და ამის არგამოყენება დანაშაულია“, – განაცხადა გიორგი ლაკირბაიამ.