გიორგი ლაკირბაია - „შუახევიჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ქვეყანაში დარჩება
გიორგი ლაკირბაია - „შუახევიჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ქვეყანაში დარჩება

აჭარაში მშენებარე „შუახევიჰესი“, რომელის სრული დადგმული სიმძლავრე 186 მეგავატს შეადგენს, წლის ბოლოს სატესტო რეჟიმში ჩაეშვება და სიმძლავრის დაახლოებით 50 პროცენტზე იმუშავებს. ჰესი სრულ ექსპლუატაციაში 2020 წლის შემოდგომაზე შევა და მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად საქართველოს ელექტროსისტემაში დარჩება. ამის შესახებ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენელმა, გიორგი ლაკირბაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემაში ჯერ კიდევ მშენებარე „შუახევიჰესის“ მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით. ჰესს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ აშენებს და მისი მშენებლობა, გვირაბის ჩამოშლის გამო, ორი წლით შეფერხდა. თუმცა, როგორც ლაკირბაია ირწმუნება, გვირაბი სრულად არის რეაბილიტირებული და როდესაც ჰესი ექსპლუატაციაში შევა, ბოლო 50 წლის განმავლობაში, „ენგურჰესის“ შემდეგ ყველაზე მძლავრი ჰიდროსადგური იქნება.

„ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს არის პირველი დიდი ინვესტიცია საქართველოში [ჰიდროსადგურების სექტორში]. ჰესის საბოლოო დადგმული სიმძლავრე 186 მეგავატი იქნება, როცა საბოლოოდ შევალთ ექსპლუატაციაში და ეს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი იქნება. საკმაოდ დიდი დეფიციტი გვაქვს ელექტროენერგიის წარმოებაში და ეს იქნება ერთ-ერთი დიდი ჰესი, რომელიც ამ მხრივ დარგს შეღავათს მისცემს“, – განაცხადა გიორგი ლაკირბაიამ.

გადაცემის თანაწამყვანი და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი დაინტერესდა, რამდენად უსაფრთხოა „შუახევიჰესის“ გვირაბი, რომელიც 2017 წელს ჩამოიშალა და შესაბმისად, მის მიმართ საზოგადოებაში დიდი ინტერესი არსებობს.

ლაკირბაიას განმარტებით, გვირაბის ჩამოშლის რისკი თავიდანვე ერთ პროცენტამდე იყო, თუმცა, სამწუხაროდ, სწორედ ეს მცირე პროცენტი გამართლდა, რისი მიზეზების დადგენაც ბრიტანულ ლაბორატორიაშიც კი გაუჭირდათ. საბოლოოდ, მშენებელმა კომპანიამ ჩამოშლის მიზეზების დადგენას და რეაბილიტაციას ორი წელი მოანდომა და 120 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

„ყველა მშენებლობას ახლავს რისკები და ეს რისკები იზრდება, როცა საქმე გვირაბს და მიწისქვეშა სამუშაოს ეხება. აქაც იყო ერთი პროცენტი დასაშვები ალბათობა, რასაც არ ველოდით, რომ გამართლდებოდა, მაგრამ ეს მოხდა – 37-კილომეტრიან გვირაბში 300 მეტრი სხვადასხვა ადგილებში დაზიანდა. ჰესი გავაჩერეთ. 1000-ზე მეტი ნიმუში ავიღეთ, რომ გამოგვეკვლია, რა მოხდა. ყველაზე დიდი ზარალი კომპანიას მიადგა, რადგან ორი წლის წინ უნდა დაგვეწყო ჰესის ოპერირება და ეს ორი წელი დავკარგეთ, თან შესწავლასა და გამოკვლევაზე 100 მილიონზე მეტი დამატებითი ინვესტიცია დაგვჭირდა. ბრიტანეთის ლაბორატორიასაც გავუგზავნეთ ნიმუშები, სადაც ბრაზილიელი ექსპერტებიც იყვნენ ჩართული. იმათაც გაუკვირდათ, რადგან ქანების დიდი თავსებადობა იყო და სინჯების ხელახლა აღებაც კი მოგვიხდა, რომ დაგვერწმუნებინა ისინი. თავდაპირველი ინვესტიცია 510 მილიონ დოლარს შეადგენდა, შესწავლაზე დამატებით 120 მილიონ დოლარზე მეტი დავხარჯეთ. წელიწადზე მეტი ვსწავლობდით, რომ ყველანაირი გართულება გამოგვერიცხა. გამაგრების ახალი პროექტი შემუშავდა და საერთაშორისო დონის ექსპერტები გვყავდა ჩართული, ვისაც გვირაბმშენებლობაში სიტყვა ეთქმოდა. 100-პროცენტიან გარანტიას, სამწუხაროდ, ვერავინ ვერაფერში იძლევა, მაგრამ რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვით, თავის გადაზღვევით – ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს გვირაბი იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო. მხოლოდ დაზიანებულ 300 მეტრზე კი არ არის საუბარი, არამედ მთელი 37 კილომეტრის რეაბილიტაცია მოვახდინეთ და დამატებითი გამაგრებითი ღონისძიებები გავატარეთ“, – განმარტა გიორგი ლაკირბაიამ.

მისი ინფორმაციით, ქვეყნის ელექტროსისტემასთან დასაკავშირებელი ინფრასტრუქტურაც თითქმის დასრულებულია.

„220-კილოვატიანი ხაზი აშენებულია და ექსპლუატაციაში შესვლისთვის მზად არის. მეორე, 35-კილოვატიანი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს და გაზაფხულისთვის, როცა ჰესი ნაწილობრივი სიმძლავრით ამოქმედდება, უკვე მზად იქნება. გვირაბის სამუშაოები მთლიანად დასრულებულია. ახლა მიდის მუშაობა, რომ ხალხი გამოვიყვანოთ და გვირაბი ჩავკეტოთ. ნოემბრის ბოლოსთვის ვგეგმავთ კაშხლების ეტაპობრივ შევსებას. წლის ბოლოსთვის სხალთის მცირე ცხრამეგავატიანი სადგური სატესტო რეჟიმში უნდა გაიშვას. გაზაფხულისთვის ძირითადი, შუახევის ჰესის ტესტირება დაიწყება და დახლოებით 50-პროცენტიანი სიმძლავრეზე გავალთ. საბოლოო, 186-მეგავატიან დადგმულ სიმძლავრეზე გასვლას მომავალი წლის შემოდგომაზე ვაპირებთ. სრულად ამოქმედების შემდეგ, „შუახევიჰესი“ წლის განმავლობაში ქვეყნის ენერგოდეფიციტს 450 გიგავატით შეავსებს, რაც „ენგურჰესის“ შემდეგ ექსპლუატაციაში მყოფი ყველაზე დიდი სიმძლავრის იქნება“, – განმარტა ლაკირბაიამ.

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლის მიხედვით, „შუახევიჰესი“, რომლის მშენებლობაზეც დასაქმებული 1500 კაციდან 900 ქართველი იყო, ამოქმედების შემდეგაც კადრების 90 პროცენტს ადგილობრივი მუშახელით შეავსებს. რაც შეეხება ჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ბაზარს, ის ჯერჯერობით ექსპორტზე არ გავა და სრულად ადგილზე დარჩება.

„ჩვენ სრულად ქართულ ენერგოსისტემაში ვიქნებით ჩართული – ამ პერიოდისთვის ასეთი მოლაპარაკებები გვაქვს. ეს საკითხი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საქართველოს ენერგოსექტორის მარეგულირებელი როგორც გვეუბნება, ისე იქნება. ის არეგულირებს ელექტროენერგიის მიწოდებას. ელექტროენერგიის დიდი დეფიციტი ყველა სეზონზე გვაქვს და ამას მნიშვნელოვნად შევამცირებთ“, – განუცხადა გიორგი ლაკირბაიამ „ბიზნესპარტნიორს“.