ლონდონის წიგნის ბაზრობა დღეს ოფიციალურად გაიხსნება. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით (5 D118) წარდგება.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტენდზე გამოფენილი იქნება საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანები და ქართველი გამომცემლების უახლესი წიგნები.
ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან, აგენტებთან და პარტნიორებთან. ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2013 წლიდან ყოველწლიურად მონაწილეობს.
ლონდონის წიგნის ბაზრობა საერთაშორისო საბაზრო პლატფორმაა, სადაც მონაწილეობას იღებს 1700-ზე მეტი უცხოელი გამომცემელი, წიგნით მოვაჭრე და ლიტერატურული აგენტი. ლონდონის წიგნის ბაზრობა ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა საავტორო უფლებების ყიდვა-გაყიდვის მიმართულებით, პროფესიული განვითარების კუთხით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ 300-მდე სხვადასხვა საგანმანათლებლო სემინარებსა და კონფერენციაზე. ზემოთქმული ბაზრობა ძირითადად ორიენტირებულია საგამომცემლო, სადისტრიბუციო და სასტამბო საქმიანობის განვითარებაზე.
ლონდონის წიგნის ბაზრობა 14 მარტს დაიხურება.