„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გამომცემლობა „პალიტრა L“, აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი ან/და პროფესიული სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის. პროექტის პირველ ეტაპზე, შერჩეული სტუდენტებისთვის, მხატვრული წერისა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით, ლექციების სერიაც გაიმართება.

„აგვისტოში, თბილისის უმაღლესის სასწავლებლების ლიტერატურითა და კინოთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის, ძალიან წარმატებული პროექტი ჩავატარეთ. ამჯერად კი მთელ საქართველოს მოვიცავთ და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ სტუდენტს მივცემთ ლიტერატურისა და წიგნის სამყაროსთან დაახლოების საშუალებას. ამ პროექტით, ახალგაზრდა თაობას, არა მხოლოდ წერის სურვილს გავუღვივებთ, არამედ საგამომცემლო პროფესიებითაც დავაინტერესებთ“, – აცხადებს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

კონკურსში მონაწილეობისთვის, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი ან/და პროფესიული სასწავლელების სტუდენტემა, მისამართზე [email protected], უნდა გაგზავნონ სასწავლებლის მიერ გაცემული სტუდენტის მოქმედი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა და მხატვრული მოთხრობა, არანაკლებ, ორი და, არაუმეტეს, ხუთი გვერდისა (12-იანი შრიფტით). განაცხადების მიღება 6 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც, სპეციალურად შერჩეული ჟიური, ნაწარმოებების შეფასებას შეუდგება.

22 ოქტომბერს, გამარჯვებული 15 სტუდენტი, ხუთ ტუტორთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში გაემგზავრება, სადაც, ხუთი დღის განმავლობაში, მხატვრული წერის, რედაქტირების, დაკაბადონებასა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე, ლექციები ჩაუტარდებათ.

კურსის დასრულების შემდეგ, პროექტის მონაწილე სტუდენტებმა, ორი კვირის განმავლობაში, ახალი მოთხრობა უნდა დაწერონ. ყველა მოთხრობას ერთ კრებულად გამომცემლობა, „პალიტრა L“ გამოსცემს, ხოლო, 19 ნოემბერს, სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორს, გადაეცემა ფულადი ჯილდო (პირველადგილოსანს – 1000, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულებს – 800 და 500 ლარი). ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი, საკუთარ რჩეულებს დაასახელებენ.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

დატოვე კომენტარი