„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ გაცვლით სარეზიდენციო პროგრამას აცხადებს
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ გაცვლით სარეზიდენციო პროგრამას აცხადებს

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, მწერალთა სახლთან თანამშრომლობით, თბილისისა და ლა კორუნიას სამწერლო რეზიდენციების ერთობლივ პროგრამაში მონაწილეობისთვის, ქართველი ავტორების განაცხადების მიღება იწყება.

პროგრამის ფარგლებში, მწერალთა სახლის რეზიდენციაში, ესპანელი ავტორი იცხოვრებს და იმუშავებს, ქართველი ავტორი კი, ესპანეთის ქალაქ ლა კორუნიაში გაემგზავრება.

„ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერება და ქართველი ავტორების უცხოეთში პოპულარიზაციაა. გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა, მონაწილე ავტორს, შემოქმედებითი გარემოს გამოცვლის საშუალებასა და მშვიდ, კომფორტულ, ახალ გარემოში მუშაობის საშუალებას მისცემს“, – ამბობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

„მწერალთა სახლის რეზიდენცია იმ ისტორიულ მემკვიდრეობას აგრძელებს, რომელიც მაჩაბლის 13-ს, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის დასაწყისში ერგო. ჩვენ უკვე ვმასპინძლობდით არაერთ ადგილობრივ თუ უცხოელ ავტორსა და შემოქმედს და ვფიქრობთ, ეს მომავალშიც გაგრძელდება. მწერალთა სახლში რეზიდენციის არსებობა უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სარეზიდენციო ქსელში ჩასართავად, სხვადასხვა ადგილობრივ თუ უცხოურ მსგავსი ტიპის ინსტიტუტუციებთან თანამშრომლობისა და გაცვლით პროექტებში ინტეგრირებისთვის“, – ამბობს მწერალთა სახლის დირექტორი, ნატა ლომოური.

გაცვლით სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობისთვის, განაცხადის შემოტანა შეუძლია ავტორს (ჟანრის განურჩევლად), რომელსაც გამოცემული აქვს ერთი ან მეტი წიგნი. გარდა ამისა, აუცილებელია ინგლისურ ენის სასაუბრო დონეზე (A2) ფლობა. აპლიკანტმა, მისამართზე [email protected], უნდა წარმოადგინოს CV ან მოკლე ბიოგრაფია გამოქვეყნებული წიგნებისა თუ სხვა ნაშრომების მითითებით, სამოტივაციო წერილი და იმ ნაწარმოების ვრცელი სინოფსისი (ან/და ნაწყვეტი), რომელზე სამუშაოდაც სარეზიდენციო პერიოდს გამოიყენებს.

სარეზიდენციო პროგრამის კანდიდატის შერჩევისას, ჟიური, განაცხადის სისრულესთან ერთად, კონკურსანტის სამწერლო გამოცდილებას, ტექსტის ხარისხსა და იმის დასაბუთებას გაითვალისწინებს, თუ რის მიღწევაში დაეხმარება სარეზიდენციო პერიოდი. ქართულ-ესპანური სარეზიდენციო პროგრამისთვის შეირჩევა მხოლოდ ერთი ავტორი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 3 აგვისტოს 18 საათი, ხოლო გამარჯვებული 14 აგვისტოს გამოცხადდება. სარეზიდენციო პროგრამა 14 დღეს, მიმდინარე წლის, სექტემბერ-ოქტომბერში განხორციელდება. „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.