„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, POSTRED-ის პროექტი „ექო“ იწყება
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, POSTRED-ის პროექტი „ექო“ იწყება

12 თებერვლიდან „არტარეას“ გალერეაში „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, POSTRED-ის პროექტი „ექო“ დაიწყება და 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

„ექო“ აუდიო-ვიზუალური ინსტალაციაა, რომელიც ადამიანებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა. ეს არის ერთგვარი ინტერაქციული მოგზაურობა, რომელიც ჯერ არარსებულ ნაწარმოებში, პერსონაჟად გვამოგზაურებს, მოგზაურობის ბოლოს კი თავიდან „დავიბადებით“.

თავდაპირველად, „ექო“ შავი, ბნელი ოთახია. აქ შესულ ადამიანს მხოლოდ სარკეებად ქცეული კედლები და მოციმციმე გამოსახულება გახვდება. მოგზაურს თან მხოლოდ პლანშეტი აქვს, რომლის ეკრანზე ნელ-ნელა კითხვები ისახება. ყოველ კითხვაზე გაცემულ პასუხს, ოთახში გაფანტული შესაბამისი ხმები და გამოსახულება მოჰყვება. დაახლოებით ხუთწუთიანი ციფრული თავგადასავლის შემდეგ კი, ოთახიდან ინსპირაციით მოცული და შემოქმედებითად დატვირთული ადამიანი გამოდის.

„ექო“ ელის ნებისმიერს, ვისაც თვალსაწიერის გაფართოება, წარმოსახვის გავარჯიშება, ან უბრალოდ, რამდენიმე წუთის ფანტასტიკურ სამყაროში გატარება სურს.

„ექოს“ ოთახი ღიაა ყოველდღე: სამუშო დღეებში 16:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას – 13:00-დან 22:00 საათამდე. კოვიდუსაფრთხოების მიზნით, შესაძლებელია წინასწარ დარეგისტრირება ვებგვერდზე: projectecho.ge ან პირდაპირ ესტუმროთ „არტარეას“ გალერეას.

POSTRED-ი პოსტპროდუქციის სტუდიაა, რომელიც ადგილობრივი კინოსტუდიების გარდა, თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს კინო და ტელეკომპანიებთან (მათ შორის, Netflix, HBO, A24, Amazon Prime და სხვა).

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.