დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ნაწლავური ინფექციების შესახებ აფრთხილებს და ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზაფხულში ნაწლავური ინფექციების შესახებ აფრთხილებს და ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს.
ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის თქმით, ზაფხულში განსაკუთრებით აქტიურდება ნაწლავური ინფექციები, რომელიც თირკმლის გართულებებსაც იწვევს. მიმდინარე სეზონზე მსგავსი ინფექციით 45 პაციენტი დაფიქსირდა.
როგორც იმნაძე აცხადებს, სოფლებში მსგავსი ინფექციების გამომწვევი ჩხირების წყალში, ხილსა და ბოსტნეულში მოხვედრის დიდი ალბათობაა, ამიტომაც აუცილებელია, საკვები პროდუქტების კარგად, გამდინარე წყალში გაირეცხოს.
მისი თქმით, გართულებების დაფიქსირებისთანავე მოქალაქემ ექიმს უნდა მიმართოს.
„ანტიბიოტიკების გამოყენებამ შესაძლოა, გამოიწვიოს რისკი. ამიტომ ამას კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, ბავშვებს ხელები სველი ხელსახოცებით დავუმუშავოთ და ნებისმიერი სახის საკვებთან ვიყოთ ფრთხილად, ნუ მივიღებთ თერმული დამუშავების გარეშე, კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე სუფთა წყლით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მსგავსი ტიპის ნაწლავური ჩხირები 2009-2011 წლებში ფიქსირდებოდა. წელს კი, მსგავსი გართულებები სხვა ქვეყნიდან საქართველოს მაღალმთიან რაიონებში დასასვენებლად ჩასულ ბავშვებში გამოვლინდა.