პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სავალდებულო აცრებზე თავის არიდების გამო შესაძლოა, მშობლებზე სანქციები შემოიღონ
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სავალდებულო აცრებზე თავის არიდების გამო შესაძლოა, მშობლებზე სანქციები შემოიღონ

თუ ბავშვს სავალდებულო აცრები არ ექნება გაკეთებული, საბავშვო ბაღსა და სკოლაში შესაძლოა, არ მიიღონ, – ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ განუცხადა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ამ სახის შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს, თუმცა არ არის გამორიცხული, მომდევნო ეტაპზე, მშობლებზე სანქციებიც შემოიღონ. იმნაძის თქმით, ევროპის ქვეყნებში – გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში მსგავსი პრაქტიკა დანერგილია.

„თანამედროვე ვაქცინები არის ძალიან მაღალეფექტური და პრაქტიკულად, გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. განსაკუთრებულ შემთხვევებში ერთი მილიონიდან ერთი შემთხვევა შეიძლება იყოს სერიოზული გვერდითი მოვლენა, მაგრამ ნებისმიერი ნემსის ჩხვლეტა შეიძლება იყოს სარისკო. ამიტომ, თანამედროვე კაცობრიობა დიდი ხანია, მივიდა იმ აზრამდე, რომ აცრები ბავშვებისათვის აუცილებელია. ის არის უსაფრთხო და ეფექტური.

სავალდებულო აცრებს რაც შეეხება, პარლამენტის გადასაწყვეტია, როდის მიიღებს ამას. ეს არის ევროპული გამოცდილება, ევროპის წამყვან ქვეყნებში – საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში მიღებულია კანონმდებლობა, რომლითაც ვაქცინაცია სავალდებულოა. ბაღში, სკოლაში ბავშვს არ მიიღებენ, თუ ის არ არის აცრილი. აქედან გამომდინარე, ჩვენთანაც პარლამენტში მიმდინარეობს ეს მსჯელობა და იმედი გვაქვს, რომ შემოდგომიდან ვაქცინაცია საქართველოშიც სავალდებულო გახდება. ჩანაწერი აუცილებლად გაჩნდება, რომ ეს არის სავალდებულო“, – განუცხადა პირველ არხს პაატა იმნაძემ.