პაატა იმნაძე აცხადებს, რომ წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ წითელას ვირუსთან დაკავშირებით რისკ ჯგუფს ფეხმძიმეები და ბავშვები წარმოადგენენ.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წელს წითელას 1330 შემთხვევა დაფიქსირდა. მსგავსი მაღალი მაჩვენებლის მიზეზად, წინა წლებში აცრებზე დაბალი მიმართვიანობა სახელდება. ამ მხრივ კი, ყველაზე რთული მდგომარეობა უფროსი ასაკის, 20-დან 40 წლამდე მოსახლეობაშია.

„წლის და ორი წლის ბავშვებში, აცრის მაჩვენებელი 95 პროცენტს შეადგენს, ამ მხრივ, მეორე ადგილზეა 90 პროცენტით 5-6 წლის ასაკის ბავშვები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, გაიკეთონ აცრები, რაც წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალებაა.

პაატა იმნაძის განცხადებით, წითელას საწინააღმდეგო აცრა უფასოა და მსურველებს შეუძლიათ  პოლიკლინიკებს მიმართონ.

ამასთან, მისი თქმით, წითელა-წითურაზე ორჯერადი აცრაც საკმარისია, ანუ 1-5 წლის ასაკში აცრილ ბავშვებს აღნიშნულ ვირუსზე იმუნიტეტი მუდმივად აქვთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ქვეყნების ათეულში, სადაც  წითელას ინფექციური ვირუსული დაავადებაა გავრცელებული, საქართველო მესამე ადგილზეა.