საქართველო იმ ქვეყნების სამეულშია, სადაც წითელას ინფექციური ვირუსული დაავადებაა გავრცელებული
საქართველო იმ ქვეყნების სამეულშია, სადაც წითელას ინფექციური ვირუსული დაავადებაა გავრცელებული

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების სამეულშია, სადაც წითელას ინფექციური ვირუსული დაავადებაა გავრცელებული.

ათეულში პირველ ადგილზე სერბეთია, მეორეზე უკრაინა, მესამეზე კი – საქართველო.

2018 წელს ევროპის მასშტაბით, წითელათი ინფიცირების 41 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 37 პაციენტი გარდაიცვალა. შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, პაციენტების რაოდენობა გაზრდილია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წელს წითელათი ინფიცირებულთა რაოდენობა 37 ათასს არ აღემატებოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროკავშირს მოუწოდა, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომები დაუყოვნებლივ მიიღონ.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელმა, ნედრეთ ემიროგლუმ განაცხადა, რომ ევროპის თითოეულმა ქვეყანამ მოსახლეობას ვაქცინაცია დროულად უნდა ჩაუტაროს.

„აუცრელი მოქალაქეები მოწყვლადი არიან ამ ინფექციური ვირუსული დაავადების წინაშე, ამიტომაც აუცილებელია,  თითოეულმა ქვეყანამ საკუთრ მოქალაქეებს ვაქცინაცია დროულად ჩაუტაროს“,  – განაცხადა ნედრეთ ემიროგლუმ.

წითელას ვირუსული ინფექციის გავრცელების მიხედვით ქვეყნების ათეულში თანმიმდევრობით შედიან: სერბეთი, უკრაინა, საქართველო, საბერძნეთი, რუმინეთი, იტალია, საფრანგეთი, სლოვაკეთი, რუსეთი და ბოლო მეათე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო.