American Interest - საქართველოს მთავარი მიზანი, გახდეს ნატო-ს წევრი, რუსეთის სამიზნეა, მაგრამ თბილისი დაძაბულობის შემსუბუქებას პრაქტიკული თანამშრომლობის კურსით ახდენს
American Interest - საქართველოს მთავარი მიზანი, გახდეს ნატო-ს წევრი, რუსეთის სამიზნეა, მაგრამ თბილისი დაძაბულობის შემსუბუქებას პრაქტიკული თანამშრომლობის კურსით ახდენს

რუსეთის აგრესიამ საქართველოსა და უკრაინაში ძირი გამოუთხარა ცივი ომის შემდგომ არსებულ ევროპულ მშვიდობას – ამის შესახებ გამოცემა American Interest-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

სტატიის ავტორები არიან დენის კორბოი, King’s College London-ის მიწვეული უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოსა და სომხეთში; ვილიამ კორტნი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ყაზახეთსა და საქართველოში, RAND Corporation-ის მეცნიერ-თანამშრომელი; კენეტ იალოვიცი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ბელორუსსა და საქართველოში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტისა და ვუდრო ვილსონის ცენტრის თანამშრომელი.

სტატიის ავტორების აზრით, რუსეთის ქმედებებმა გაზარდა საფრთხე, რომ მოსკოვმა აგრესიული ძალა შესაძლოა, სხვა მეზობლების წინააღმდეგაც გამოიყენოს. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილებზე რუსეთის შეჭრა და სამხედრო ოკუპაცია დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობების შემცირების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო.

„ამ კრიზისებს ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე შესაძლოა, პრიორიტეტი მიენიჭოს, თუმცა სხვა მეზობლების მიმართ რუსეთის ძალის რისკები ასევე იმსახურებს ყურადღებას. ტრამპმა თავშეკავების გამოჩენით შესაძლოა, პუტინი წაახალისოს და ამით თავის დიპლომატებს კონფლიქტების გადასაჭრელად მეტი თავისუფლება მისცეს“, – წერს გამოცემა.

სტატიის ავტორები 16 ივლისს, ჰელსინკიში დაგეგმილ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე აკეთებენ მთავარ აქცენტს და ამბობენ, რომ დონალდ ტრამპი სარგებელს დასავლეთის კოორდინირებული პოზიციით მიიღებს.

„ამჟამად დასავლეთში არსებული დავები სერიოზული შემაფერხებელია. 11-12 ივლისს ლიდერებმა უნდა განიხილონ პრიორიტეტები და დასახონ მკაფიო პოლიტიკა, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინაში რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპის პოზიცია პუტინთან შესაძლოა, შესუსტდეს. დასავლეთის ერთიანობის კუთხით, პროგრესი ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, ხედავს თუ არა პუტინი დასავლეთს ერთიანს და ასევე ტრამპზე, რომელიც ამის შესახებ საუბრობს. პუტინი დასავლეთის უთანხმოებას სავარაუდოდ  ხედავს  ტრამპის მიერ დიდი შვიდეულის ივნისის კომუნიკეს კრიტიკაში, ასევე გერმანიის კანცლერის, კანადის პრემიერ-მინისტრისა და სხვა ლიდერების მიმართ მის კრიტიკულ დამოკიდებულებაში. პუტინმა ეს უთანხმოებები შესაძლოა, დასავლეთის გახლეჩვისთვის გამოიყენოს და სცადოს ტრამპისგან დათმობების მიღება, მაგალითად სანქციების შემსუბუქების კუთხით“, – აღნიშნულია სტატიაში.

American Interest-ი წერს, რომ ევროპელების შეშფოთების საფუძველი ტრამპის კრიტიკული დამოკიდებულებაა ნატო-ს, ევროკავშირისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიმართ, თუმცა სტატიის ავტორები ევროპის ერთობის საფრთხედ შიდა უთანხმოებებსაც ასახელებენ და მაგალითად მოჰყავთ საიმიგრაციო კრიზისი, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების პროცესი და სამომავლო პერსპექტივა, ასევე კონტინენტზე „პოპულიზმის“ ზრდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-სა და რუსეთს ძირეული განსხვავებები აქვთ, მაგალითად, სირიის ომსა და აშშ-ის არჩევნებში მოსკოვის ჩარევაზე, მაგრამ დასავლეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის სურვილს, პოსტ-საბჭოთა სივრცე დაყოს გავლენის სფეროებად .

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ აშშ და ევროპა მყარად უჭერენ მხარს საბჭოთა კავშირის ნგრევის შედეგად წარმოქმნილი ქვეყნების სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. უწევენ დახმარებას რეფორმების კუთხით და მოუწოდებენ რუსეთს, ნება დართოს მეზობელ სახელმწიფოებს, დამოუკიდებლად განსაზღვრონ საგარეო პოლიტიკის მიმართულებები, თუმცა კრემლი ამას უგულებელყოფს.

„საქართველოში 2008 წელს, სამხრეთ მეზობელთან ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ეკონომიკური ზრდის გაძლიერება და ღიაობა. საქართველოს მთავარი მიზანი, გახდეს ნატო-ს წევრი, რუსეთის ძლიერი ძალისა და პროპაგანდის მთავარი სამიზნეა, მაგრამ თბილისი დაძაბულობის შემსუბუქებას პრაქტიკული თანამშრომლობის კურსით ახდენს“, – აღნიშნულია სტატიაში.