ბელარუსის ნაკრების ყოფილი ლიდერი უკრაინას გულშემატკივრობს - ოკუპანტმა იცოდეს, ამ ხალხის გატეხვა შეუძლებელია #1TVSPORT
ალეკსანდრ ხაცკევიჩი გაოცებულია უკრაინელების თავისუფლებისადმი სწრაფვით და ბრძოლისუნარიანობით – ამის შესახებ ბელარუსის ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ყოფილმა ნახევარმცველმა ღიად ისაუბრა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან ომში მისი სამშობლო ბელარუსი რუსეთის მხარესაა:
„რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც დაბომბვა დაიწყო? თქვენ ჯერ კიდევ უარს ამბობთ იმის დაჯერებაზე, რაც ხდება. მინდა ვიფიქრო, რომ ყველაფერი მოლაპარაკების მაგიდაზე გადაწყდება და არა რაკეტებითა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვით. ამბობენ, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. ომთან შეგუება შეუძლებელია.
– ვხედავ, აქ როგორ უყვართ სამშობლო. ხანდახან კი მრცხვენია ბელარუსების გამო. ჩვენი ჰიმნშია სიტყვები: „ჩვენ, ბელარუსები, მშვიდობიანი ხალხი ვართ“. ამით ბევრია ნათქვამი. ხოლო უკრაინის ჰიმნში არის ფრაზა: „ჩვენს სულს და სხეულს დავდებთ ჩვენი თავისუფლებისთვის“. ასე რომ, ბიჭები წავიდნენ სამშობლოს დასაცავად და ისინი ამას გააკეთებენ, სანამ არ დაიხოცებიან.
– უკრაინის თავისუფლებას და სულისკვეთებას ვერ გატეხენ – ეს ყველა დამპყრობელმა უნდა იცოდეს. ქვეყანა 2014 წლიდან ომშია და პასუხის გაცემა ისწავლა. ხალხი უფრო გაერთიანდა. გაურკვევლობა ყველაზე უარესია. ნებისმიერი ომი ადრე თუ გვიან მთავრდება, მაგრამ რა იქნება მისი დასრულების შემდეგ? რამდენი მოკვდება? და რა ჩაიწერება შემდეგ ისტორიის წიგნებში? ძნელი წარმოსადგენია.
– აშკარაა, რომ რუსები და უკრაინელები ათწლეულების განმავლობაში მოკლებული იქნებიან ნორმალურ ადამიანურ ურთიერთობებს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უკრაინა იყო და იქნება დამოუკიდებელი“ – თქვა ხაცკევიჩმა Terrikon-თან კომენტარში.