რუსეთის აგრესიას ბელარუსის ნაკრების ნახევარმცველიც აპროტესტებს - აუცილებელია იმ ქვეყნის შეზღუდვა, რომელიც „ისტორიას“ თხზავს და უკრაინაში გენოციდს აწყობს #1TVSPORT
რუსეთის აგრესიას ბელარუსის ნაკრების ნახევარმცველიც აპროტესტებს - აუცილებელია იმ ქვეყნის შეზღუდვა, რომელიც „ისტორიას“ თხზავს და უკრაინაში გენოციდს აწყობს #1TVSPORT

უკვე ერთი კვირაა, რუსეთი უკრაინაზე სამხედრო აგრესიას ახორციელებს, მათ შორის ბელორუსის ტერიტორიიდან. უეფა-მ და ფიფა-მ რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებს (ქალთა გუნდებსაც) ყველა ტურნირში მონაწილეობა შეუჩერა, ხოლო ბელარუსებს ნეიტრალურ მოედნებზე თამაში მოუწევთ.

პირველ მარტს კი ლატვიის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის კლუბებს რეკომენდაციით მიმართა, რომ არ დადონ შრომითი და სხვა შეთანხმებები რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან, რათა გამოხატონ სოლიდარობა უკრაინელ ხალხთან.

ამ დროისთვის ლატვიის ჩემპიონატში რამდენიმე ბელორუსი ფეხბურთელი და მწვრთნელია, მათ შორის ბელარუსის ნაკრების ნახევარმცველი იური კენდიში, რომელიც „რიგაში“ 2022 წლის 21 იანვარს გადავიდა და ახლა უგუნდოდ დარჩენის საფრთხის წინაშეა, რადგან აგრესორი ქვეყნის მოქალაქეა. ამის მიუხედავად, გამოცემა „ტრიბუნასთან“ იური კენდიშმა რუსეთის აგრესია გააპროტესტა და უკრაინას დაუჭირა მხარი.

„სიმართლე გითხრათ, კატასტროფული აზრები მაქვს. სპორტი პოლიტიკიდან შორს უნდა იდგეს, მაგრამ ომის გათვალისწინებით საქმე სხვაგვარადაა. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ბელარუსის არმია უკრაინაში არ შევა. თუ ასე მოხდა, ეს იქნება კატასტროფა, მაგრამ მთელ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სპორტი პოლიტიკის მიღმა ვერ დარჩება.

– რაც შეეხება რუსულ სპორტს და აკრძალვებს… დიახ, მესმის, რომ იტანჯებიან ჩვეულებრივი მოთამაშეები, უბრალო ადამიანები, რომლებიც თავიანთ საყვარელ საქმეს აკეთებენ, მაგრამ, ჩემი აზრით, მაინც აუცილებელია იმ ქვეყნის შეზღუდვა, რომელიც „ისტორიას“ თხზავს და უკრაინაში გენოციდს აწყობს. იმიტომ, რომ ომი და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა საშინელებაა. მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. არ შეიძლება იმის პატიება, რაც ახლა უკრაინაში ხდება!

– რაც შეეხება ბელარუსებს… ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი კლუბის წარმომადგენლებთან, გაგვაგებინეს, რომ ამ საკითხს მოაგვარებდნენ. უბრალოდ, კონტრაქტების გაწყვეტა არავის უნდა, რადგან პრინციპში, ცუდი ფეხბურთელები არ არიან და ომს ნამდვილად არ უჭერენ მხარს, მაგრამ თუ ბელარუსის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შევლენ და ამის შემდეგ ჩვენ, ბელარუს ფეხბურთელებს ლატვიის ჩემპიონატში მონაწილეობას აგვიკრძალავენ, მაშინ ეს გამოცდა ღირსეულად უნდა ჩავაბაროთ. იმიტომ, რომ ობიექტურად, როცა ქვეყანა ომშია ჩართული, ამაზე პასუხი ყველამ უნდა აგოს. თუმცა მაინც შეურაცხმყოფელი და უსიამოვნოა, როცა ირკვევა, რომ ბელარუსიდან ხალხი იმიტომ გარბის, რომ სამოქალაქო პოზიციის გამო იქ ვერ მუშაობენ, პოლიტიკური მიზეზების გამო გარბიან და მერე სხვა ქვეყნებშიც მუშაობის უფლებას არ აძლევენ.

– თუ საფეხბურთო საკითხებს განზე გავწევთ, აღფრთოვანებული ვარ უკრაინელების მისწრაფებით, შეინარჩუნონ თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მთლიანობა, ისტორია. ხალხი შეიკრიბა სამშობლოს დასაცავად! ეს უბრალოდ ფანტასტიკურია. ცალკე მინდა მხარი დავუჭირო უკრაინელ ბიჭებს, რომლებიც ახლა გუნდში ჩემთან ერთად არიან. ეს არის სამი მოთამაშე და ერთი ადამიანი სამწვრთნელო შტაბიდან. მათი ოჯახები თავდასხმების მიუხედავად უკრაინაში დარჩნენ. ბიჭების გვერდით ყოფნისას ვხედავ მათ განცდებს, თვალებს, ემოციებს და მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო. ყველაფერი კარგად იქნება! არა ომს. შეაჩერეთ ომი!“.

იური კენდიში 31 წლისაა. უთამაშია ცნობილ კლუბებში „ბატეში“, „შერიფში“, სოლიგორსკის „შახტარში“, ხოლო 2016 წლიდან ბელარუსის ნაკრების წევრია, რომლის ფორმითაც 15 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.