კელი დეგნანი - საქართველომ უნდა გააგრძელოს იმ პირების მიღება, ვინც რუსეთის რეპრესიებს გაურბის
კელი დეგნანი - საქართველომ უნდა გააგრძელოს იმ პირების მიღება, ვინც რუსეთის რეპრესიებს გაურბის

საქართველომ უნდა გააგრძელოს იმ პირების მიღება, ვინც რუსეთის რეპრესიებს გაურბის, – ამ სათაურით გამოქვეყნდა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ოპედი OC Media-სა და „პუბლიკაზე“.

„2 მარტს საერთაშორისო საზოგადოება გაერო-ში შეიკრიბა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული სამხედრო ოპერაციების დასაგმობად. მას შემდეგ მსოფლიოს მხარდაჭერა მტკიცეა ლიბერალური, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის მიმართ, რომელმაც 75 წელზე მეტია, ძალიან ბევრისთვის უზრუნველყო უპრეცედენტო უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა.

იკრიბებიან რა მსოფლიოს ლიდერები ამ კვირას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე, ჩვენ კვლავ უნდა განვაახლოთ ერთგულება და გავაორმაგოთ ძალისხმევა მშვიდობიანი უკრაინის მხარდასაჭერად, როგორც შეგვიძლია და დავრჩეთ ერთიანნი უკრაინელი და ქართველი ხალხის მიმართ რუსეთის სისასტიკისა და უკრაინის სუვერენიტეტის უგულებელყოფის წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის თავად გაერო-ს წესდებას.

კრემლის მიერ საერთაშორისო ვალდებულებებისა და ნორმების აბსოლუტურმა უგულებელყოფამ გამოიწვია მასობრივი ტანჯვა მთელ უკრაინაში, ისევე, როგორც თოთხმეტი წლის წინ საქართველოში.

ბოლოს განვითარებული შემაშფოთებელი მოვლენების თანახმად, რუსეთის ოფიციალური პირები და მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის რაიონებიდან იძულებით ასახლებენ და „ფილტრავენ“ მოსახლეობას. მათი მიზანია: უკრაინული იდენტობის ჩახშობა, წინააღმდეგობის აღმოფხვრა და დარჩენილი მოსახლეობის იძულებით დამორჩილება. „გაფილტვრა “, როგორც ამას რუსეთის მთავრობა უწოდებს, გულისხმობს რუსეთის ძალების მიერ ასობით ათასი უკრაინელი მოქალაქის დაკითხვას, დაკავებასა და იძულებით დეპორტაციას.

არსებობს სარწმუნო მტკიცებულება, რომ რუსულმა ძალებმა ბავშვებიც კი წაიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე არსებული სახლებიდან და მარტო გააგზავნეს რუსეთის შორეულ რეგიონებში. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინელებს მოქალაქეობას ართმევს და აიძულებს მათ რუსული პასპორტების აღებას. საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ უნდა მოითხოვოს ამ და სხვა სასტიკი დანაშაულების შეწყვეტა. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ადამიანის უფლებათა ამ აღმაშფოთებელ დარღვევებზე.

ისინი, ვინც „გაფილტვრის“ პროცესსა და იძულებით დაკავებას გადაურჩნენ, ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს შეხვდნენ, რომელიც თბილისში იმყოფებოდა ვიზიტით. მას გაუზიარეს შემზარავი ცნობები, დამცირების, დაკითხვის, წამებისა და შეურაცხყოფის შესახებ მანამდე, სანამ საქართველოში გაემგზავრებოდნენ უსაფრთხო თავშესაფრის მოსაძებნად.

საქართველოში ბევრმა მათგანმა დახმარება, გულუხვი სტუმართმოყვარეობა და თანაგრძნობა იპოვა. ქართველი ხალხი რუსეთის აგრესიას გამოქცეულ ლტოლვლებს ხელგაშლილი და ღია გულით დახვდა. სამოქალაქო საზოგადოების ხელმძღვანელობით შეიკრიბნენ საქართველოს მოქალაქეები საჭიროებებზე რეაგირებისა და გულუხვი ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის რუსეთის აგრესიის ადამიანური მსხვერპლი, ყოველდღიური შეხსენებებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ.

ბოლო ორასი წლის განმავლობაში, რუსეთი არაერთხელ შეეცადა ძირი გამოეთხარა საქართველოსთვის – ქართული ენის, რელიგიის, ტრადიციების, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

2008 წელს ასობით ქართველმა გაწირა სიცოცხლე საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, და ასობით ადამიანის ცხოვრებას ადგება ზიანი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციით.

ჩვენ მივესალმებით ქართველ ხალხს, ვინც თანაუგრძნო და გულუხვი დახმარება აღმოუჩინა მათ, ვინც ცდილობს, თავის დააღწიოს ძალადობას. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო კვლავაც იქნება თავშესაფარი იმ ადამიანებისთვის, ვინც უკრაინის ომს, და რუსეთსა და ბელორუსიაში შევიწროებას გამოექცა.

არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოზე უკეთ გაიგებს მათ ტანჯვას. ჩვენ ერთად ვდგავართ – ძალა ერთობაშია!“, – ნათქვამია კელი დეგნანის ოპედში.