„ჩერნომორეცში“ ქართველების მწვრთნელს ომში წარმატების სჯერა - უკრაინელები გავიმარჯვებთ, მტერს კი მძიმე დღე ელის #1TVSPORT
„ჩერნომორეცში“ ქართველების მწვრთნელს ომში წარმატების სჯერა - უკრაინელები გავიმარჯვებთ, მტერს კი მძიმე დღე ელის #1TVSPORT

ოდესის „ჩერნომორეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, რომან გრიგორჩუკმა (მასთან გიორგი წიტაიშვილი და ბექა ვაჩიბერაძე თამაშობენ) მზადყოფნა გამოთქვა, რომ უკრაინის არმიას რუსული ჯარების დამარცხებაში დაეხმაროს.

62 წლის ცნობილი სპეციალისტი ავარჯიშებდა „გაბალას“ და ორჯერ გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფამდე მიიყვანა. წვრთნიდა „ასტანას“, სოლიგორსკის „შახტიორს“, ბოლოს მშობლიური ქალაქის გუნდი ჩაიბარა, მაგრამ რუსეთის აგრესიის გამო, საყვარელი საქმიანობის ნაცვლად, ოდესისა და უკრაინის დაცვაზე ფიქრობს.

სხვათა შორის, რომან გრიგორჩუკი არაერთხელ არის საქართველოში ნამყოფი და ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარადაჭერაც ღიად დაუფიქსირებია.

„ახლა საფეხბურთო ატმოსფერო არ არის. ყველა ქვეყნის დაცვით ვართ დაკავებული. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ომი სწრაფად დასრულდეს. ვუყურებ, როგორ იქცევიან ადამიანები, როგორ რეაგირებენ მოვლენებზე და ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ მტერს მცირე შანსიც კი არ აქვს. უკრაინელები დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავიმარჯვებთ, მტერს კი მძიმე დღე ელის.

– თავიდანვე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ უკრაინელები ასე იბრძოლებდნენ და თავს დაიცავდნენ, რადგან პატრიოტი, ძლიერი, შრომისმოყვარე და უშიშარი ხალხი ვართ. ახლა ეს უკეთესად ჩანს. ყველას უყვარს თავისი სამშობლო და მზადაა, უკრაინის დასაცავად ყველაფერი გააკეთოს.

– უკრაინა მრავალეროვნული ქვეყანაა. იქ რუსეთიდან ემიგრანტებიც ცხოვრობენ და ეჭვიც არ მეპარება, რომ ისინი უკრაინელებთან ერთად სამშობლოს დაცვაშიც მონაწილეობენ. მოვუწოდებ რუს ხალხს, გააკეთოს ყველაფერი და შეწყვიტოს ომი. ხალხი არ უნდა კვდებოდეს. სამხედრო ოპერაციები სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება.

– ახლა ბრძოლები კიევში ქუჩებში მიდის. რაც ვნახე და მოვისმინე, შემიძლია ვთქვა, რომ მტერს არანაირი შანსი არ აქვს. გაოცებული ვიყავით ჩვენი ჯარის ქმედებებით. პროფესიონალურად იბრძვიან. იარაღი ხელში მშვიდობიანმა მოქალაქეებმაც აიღეს, ქმნიან სხვადასხვა ჯგუფებს და ებრძვიან დივერსანტებს. მართალია, უბრალო ხალხში პროფესიონალები არ არიან, მაგრამ რამდენიმე ჯგუფი უკვე გაანეიტრალეს. ეს ჯარისთვის ძლიერი დახმარებაა.

– ახლა თავად ოდესაში ვარ. კიევში უფრო დაძაბული და რთული ვითარებაა. ჩვენ ძალიან ვღელავთ იქაურების გამო. ნათესავები მთელ უკრაინაში მყავს. ახლა სამშობლოს დასაცავად მზად ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ. პირადად მე გამარჯვებისთვის ყველაფერს გავიღებ, რაც შემიძლია, ჩემს ქვეყანას ნებისმიერი ფორმით დავეხმარები“.