ჩაფრენამდე ჯერ კიდევ ილუმინატორიდან დანახული წითელსახურავიანი ლისაბონი მოგხიბლავთ, და მიხვდებით, რომ იმაზე საინტერესო და ლამაზი მოგზაურობა გელით, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
ჭრელი ქალაქი – უსასრულო კიბის ლაბირინთებით, სამხრეთული ქარიზმით გამორჩეული “ევროპელი ლათინოებით”, სადაც ყოველ საღამოს, ყველა კუთხიდან ისმის ტრადიციული ფადო… რომზე ძველი ლისაბონი, რომელიც თავისი არსებობის მესამე ათასწლეულს ითვლის და საიდანაც საუკუნეების წინ მის დაქვემდებარებაში მყოფი ნახევარი ლათინური ამერიკა იმართებოდა, დღეს საუკეთესო ადგილია გართობის, დასვენების, კულტურულ-ისტორიული მოგზაურობის მოყვარული ტურისტისთვის.
ძველი ქალაქის შესაგრძნობად კარგია თუ საცხოვრებელს ლისაბონის შუაგულში აიღებთ, სადაც ტრანსპორტი თითქმის არ მოძრაობს და სამეზობლო ურთიერთობები ყველაზე მაღალ საფეხურზეა. ვიწრო ქუჩების წყალობით, ქალაქის ცენტრშივეა ტურისტებისთვის საყვარელი ქუჩა, სადაც სუვენირების უამრავი მაღაზია, ღია კაფეები და საკვები ობიექტებია განთავსებული. სწორედ ეს ქუჩა გადის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, რომელიც ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, ისევე როგორც ტურისტებისთვის საყვარელი 28 ნომერი ტრამვაი, რომელიც ისტორიულ რეისს ასრულებს ლისაბონის დახლართულ ქუჩებში.
ლისაბონი ევროპის სტანდარტულ ხაზს არ მიჰყვება. აქაური ეგზოტიკა არ ჰგავს ევროპულს, საკმარისია ღამის ქალაქში გასეირნება და ამას თავადაც მიხვდებით. გადაუჭარბებლად რომანტიკულ გარემოში აღმოჩნდება ისიც კი, ვისგანაც ეს გრძნობა შორსაა, მელანქოლიური ფადო ყველა ბარიდან ისმის, აქ ეს ტრადიციაა – პორტუგალიელების სულის მუსიკა, რომელიც სხვადასხვა ადამიანურ ისტორიებს განსაკუთრებული სევდითა და ვნებით გადმოსცემს. კიდევ ერთი პორტუგალიური ეგზოტიკაა აზულეჟუ, ე.წ. ჭრელი ფილებია, რომლის კულტურაც არაბებისგან შემოვიდა. აზულეჟუთი გაფორმებული სახლები, ხშირად პორტუგალიის ისტორიასაც კი ასახავს.
ტეჟუს სანაპიროს თუ ჩაუყვები ოკეანისკენ ქალაქის სიმბოლოს ბელემის კოშკს ნახავთ, როლიც მდინარეშია აშენებული და შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენს, აქვეა მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მონასტრებს შორის აღიარებული ჯერონიმას მონასტერი, რომელიც ცნობილი მოგზაურის ვასკო და გამას განსასვენებელია.
ლისაბონისთვის დრო არასდროს არის საკმარისი. მაშინ როცა ყვითელ ქალაქში მცხუნვარე მზის ქვეშ პაშტეირას მიირთმევ და თვალუწვდენელი ოკეანის სანაპიროზე სეირნობ, მოგზაურების და აღმოჩენების ქვეყანაში თავად ხდები მოგზაური, რომელიც სულ სხვანაირ ლისაბონს აღმოაჩენს, არა სტანდარტულს – ცოტა სევდიანს, ფერადს და ლათინური სურნელით გაჟღენთილს.
მზისფერ ქალაქში მზად ხარ დაუღალავად იბოდიალო, გირლიანდებით გაფორმებულ ქუჩებში, დატკბე ხედებით, რომლებიც აქ ასე უხვად არის. მდინარე ტეჟუს სანაპიროზე გაშენებული ლისაბონი ევროპული ზღაპარია, სადაც ერთდროულად არის შერწყმული ევროპული, ლათინური და არაბული კულტურა, რაც ლისაბონს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.
ფოტოები: