ლინას ლინკევიჩუსი - ნატო არ მიიწვევს ალიანსში სახელმწიფოს, რომლის საზღვრებზეც ომი მიმდინარეობს
ლინას ლინკევიჩუსი - ნატო არ მიიწვევს ალიანსში სახელმწიფოს, რომლის საზღვრებზეც ომი მიმდინარეობს

ნატო არ მიიწვევს ალიანსში გასაწევრიანებლად სახელმწიფოს, რომლის საზღვრებზეც ომი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასათან“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ამჟამინდელი სიტუაცია, ომი რუსეთთან, თქვენს სასარგებლოდ არ თამაშობს. ნატო-ს წესები ისეთია, რომ ალიანსი არ მიიწვევს გასაწევრიანებლად სახელმწიფოს, რომლის საზღვრებზე ომი მიმდინარეობას, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის აგრესორი და ვინ მისი მსხვერპლი“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

ლიეტუველი დიპლომატის განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, ალიანსში უკრაინის გაწევრიანების გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს დონბასში მიმდინარე კონფლიქტი. თუმცა, როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, მოგვიანებით ლინკევიჩუსმა აღნიშნა, რომ ყირიმის საკითხი ასევე შესაძლოა, გახდეს პრობლემა.

„რა თქმა უნდა, ის, რომ სახელმწიფოს აქვს პრობლემები სუვერენიტეტის განხორციელებასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან, ეს ასევე მნიშვნელოვანი არგუმენტია. თუმცა ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა ამაზე არ არის პასუხისმგებელი და ეს არის მნიშვნელოვანი კონტრარგუმენტი. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თავის დროზე ყველა ეს საკითხი უნდა გადაწყდეს“, -განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

„ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ლიეტუველმა დიპლომატმა დადებითად უპასუხა შეკითხვას, უნდა გადაწყვიტოს თუ არა უკრაინამ ყირიმის საკითხი ნატო-ში გაწევრიანებამდე.

„რა თქმა უნდა, წევრობამდე. თუმცა გაწევრიანების მოწვევაც სწრაფად არ მოვა, დამიჯერეთ. ეს უკრაინამ ასევე უნდა გააცნობიეროს. ლიეტუვას ამისთვის 10 წელი დასჭირდა“, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.

ლინას ლინკევჩუსმა ასევე უკრაინას ურჩია, აღნიშნულ დაბრკოლებებზე ფოკუსირება არ მოახდინოს, არამედ სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები გააგრძელოს.

დიპლომატის თქმით, ომი ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანებაში არ ეხმარება. აღნიშნულ კონტექსტში მან მაგალითად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემაც მოიყვანა.
„რა თქმა უდა, ეს არ ეხმარება გაწევრიანებას. როდესაც საუბარია საქართველოზე, ის ზუსტად ასეთივე საკითხია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუმცა არ ღირს ამაზე ფოკუსირება, უმჯობესია რეფორმების გაგრძელება“, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.