იენს სტოლტენბერგი - აშშ-სა და ევროპას ერთმანეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ
იენს სტოლტენბერგი - აშშ-სა და ევროპას ერთმანეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ

აშშ-სა და ევროპას ერთმანეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ევროპას სჭირდება ჩრდილოეთ ამერიკა თავისი უსაფრთხოებისთვის. ამავდროულად, ჩრდილოეთ ამერიკას ასევე სჭირდება ევროპა. ევროპელი მოკავშირეები უზრუნველყოფენ მსოფლიო დონის სამხედროებს, ვრცელ სადაზვერვო ქსელებს და უნიკალურ დიპლომატიურ ბერკეტებს. მე არ მჯერა მარტო ამერიკის, ისევე როგორც არ მჯერა მარტო ევროპის. მე მჯერა ამერიკის და ევროპის ერთად ნატო-ში, რადგან ჩვენ ერთად უფრო ძლიერები და უსაფრთხო ვართ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის დაარსებიდან 75 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები, უკვე მეორე დღეა, ბრიუსელში იმყოფებიან. ორდღიან მინისტერიალზე განიხილება უკრაინის დახმარებისთვის 100 მილიარდი ევროს ოდენობის ხუთწლიანი ფონდის შექმნის წინადადება. ამასთან, მინისტრები აღნიშნავენ ნატო-ს დაარსების 75 წლისთავს და განიხილავენ ივლისში, ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტისთვის მზადების საკითხებს.