ლიბიიდან დაბრუნებული ქართველი მეზღვაურები აცხადებენ, რომ დავით რაზმაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლებენ
ლიბიიდან დაბრუნებული ქართველი მეზღვაურები აცხადებენ, რომ დავით რაზმაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლებენ

ლიბიიდან დაბრუნებული ქართველი მეზღვაურები რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე აცხადებენ, რომ გუშინ სარფის საბაჟოს ტერიტორია ემოციურ ფონზე დატოვეს და მათი უკმაყოფილების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ საბაჟო პროცედურების გაჭიანურება გახდა.

„საბაჟო პროცედურები გაჭიანურდა, იყო იქ დამატებითი კითხვებიც. ამ დროს ახლობლები შემოვიდნენ და ინფორმაციის სიმწირის გამო მოხდა ემოციურ ფონზე აღელვება. ჩვენ პირიქით ძალიან მადლობელი ვართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსი. ხანდახან დღეში ორჯერ გვირეკავდნენ, თურქეთის საკონსულოშიც ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ გვკითხულობდა ქართული მხარე ინტენსიურად. სტამბულშიც საელჩოს წარმომადგენელი დაგვხვდა და გამოგვაცილა”, – ამბობს რაულ ტაკიძე.

მეზღვაურები ამბობენ, რომ ლიბიაში მათთან ერთად გემზე მყოფ დავით რაზმაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიებასთან ითანამშრომლებენ და ნებისმიერ დროს მზად არიან გამოკითხვისთვის. მათი თქმით, გამოკითხვასთან დაკავშირებით ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი გუშინ უკვე დაუკავშირდა.

მეზღვაურები ლიბიაში ქართველი მეზღვაურის გარდაცვალების მიზეზებს ვერ ასახელებენ. მათი ინფორმაციით, 7 იანვარს დავით რაზმაძემ გემი დატოვა, ისე რომ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ, ერთი კვირის განმავლობაში კი, გარდაცვლილის ახლობლებს იმიტომ არ აცნობეს, რომ გემის კაპიტანმა სამძებრო სამუშაოებისთვის დრო ითხოვა.

„მეგობრები ვიყავით. ბათუმიდანაც ერთად წავედით გემზე, ვიცოდით მის შესახებ ყველაფერი, რა ოჯახური მდგომარეობაც ჰქონდა და რა სტრესიც გადაიტანა 2008 წელს. გემიდან გასვლის წინ დაბადების დღეზე საჩუქარი მომიტანა და მითხრა, რომ ის იყო მისი ყველაზე ძვირფასი ნივთი და მე მჩუქნიდა, რადგან მე ვიყავი მისთვის ძვირფასი ადამიანი”, – ამბობს მანუჩარ კეკელიძე.

მეზღვაურები ამბობენ, რომ გამოძიებას თავდაპირველად ჰქონდა თვითმკვლელობის ვერსია, შემდეგ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მას არ აღენიშნებოდა დაზიანებები და გარდაიცვალა წყალში და არა წყალში ჩასვლამდე. მეზღვაურების თქმით, სხვა დეტალების შესახებ მათ დამატებით ინფორმაცია არ აქვთ.

ლიბიიდან დაბრუნებულ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებამ დღეს განცხადება გაავრცელა. სამინისტროს ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ლიბიიდან დაბრუნებული ქართველი მეზღვაურების მიმართ სახელმწიფოს შესაბამისმა სამსახურებმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება.