ლიბიიდან დაბრუნებულ ორ მეზღვაურთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ლიბიიდან დაბრუნებულ ორ მეზღვაურთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ლიბიიდან დაბრუნებული ქართველი მეზღვაურების მიმართ სახელმწიფოს შესაბამისმა სამსახურებმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, რაულ ტაკიძის და მანუჩარ კეკელიძის ლიბიის ქალაქ მისურატიდან გამომგზავრების პროცესს მონიტორინგს უწევდა როგორც საგარეო საქმეთა სამინსიტროს ცენტრალური აპარატი, ასევე ეგვიპტეში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა. სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მათ დახვდა ქალაქ სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენელი, ტრანზონში კი, საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამშრომლები და მეზღვაურების თხოვნით, ისინი უახლოესი რეისით გამოამგზავრეს სამშობლოში.

„მეტიც, სწორედ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით მისცა ლიბიურმა მხარემ ამ მეზღვაურებს სამშობლოში დაბრუნების უფლება, რადგან, როგორც ცნობილია რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე იმყოფებოდნენ მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემზე [DOGAN BEY], სადაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქე დავით რაზმაძე. სწორედ დავით რაზმაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების გამო ადგილობრივი სამართალდამცავების გადაწყვეტილებით გესმის ეკიპაჟის 19 წევრს, მათ შორის აღნიშნულ პირებს აეკრძალებათ ქვეყნის დატოვება.

თუმცა, ლიბიაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით ქართულმა მხარემ, საქართველოს საგარეო უწყებამ და საზღვაო ადმინისტრაციამ მყისიერად დაიწყო მუშაობა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ეგვიპტეში, თურქეთსა და სხვა პარტნიორ სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური მისიები მუდმივ კავშირზე იმყოფებოდნენ ადგილობრივ მთავრობებთან და სხვა შესაბამის მხარეებთან. ადგილზე არსებული უსაფრთხოების რთული გარემოს გათვალისწინებით ერთ-ერთ ვერსიად განიხილებოდა მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნება, რაც შესაძლებელი გახდა კიდეც უწყების ძალისხმევით.

მეზღვაურების დაკავების დღიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, როგორც ცენტრალური აპარატიდან, ასევე ეგვიპტეში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან არ შეუწყვეტიათ მეზღვაურებთან და მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტი და საქმის კურსში აყენებდნენ ყველა იმ ნაბიჯის შესახებ, რასაც უწყება დგამდა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად.

დავით რაზმაძის გარდაცვალების საქმეზე ჯერ არ დასრულებულა გამოძიება და ქართული მხარე, ისევე როგორც რაზმაძის ოჯახის წევრები, ელოდებიან გამოძიების შედეგებს”, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.