ლიბიაში შეტაკებების შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა
ლიბიაში შეტაკებების შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა

ლიბიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკების შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

დაპირისპირება ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლიში პარასკევს ღამით დაიწყო და შაბათსაც გაგრძელდა.

შეტაკებები ლიბიის ხელისუფლების ორი დაპირისპირებული ბანაკის მომხრეებს შორის მოხდა. ბოლო ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაღუპულია სულ მცირე 23 და დაშავებულია 140 პირი.

როგორც „სიენენი“ წერს, ნატო-ს ძალების მიერ 2011 წელს მუამარ კადაფის მთავრობის ჩამოგდების შემდეგ, ქვეყანა ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის არის გაყოფილი. ტრიპოლის და ქვეყნის დასავლეთს გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი „ეროვნული ერთობის მთავრობა“ აკონტროლებს აბდულჰამიდ დბეიბეს ხელმძღვანელობით, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთს პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერი ფათჰი ბაშაგა, რომელიც საპარლამენტო ქალაქ ტობრუკში ზის.

ფათჰი ბაშაგას მომხრეები არ აღიარებენ ლიბიის გარდამავალი მთავრობის მიერ არჩეულ პრემიერს, ხოლო „ეროვნული ერთობის მთავრობა“ მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა იყოს არჩეული და არა ძალის გამოყენებით.

დაპირისპირებას გამოეხმაურა გაერო-ს გენერალური მდივანი და მხარეებს ვითარების დაუყოვნებლივ განმუხტვა და ძალადობის შეწყვეტა მოსთხოვა.