ლიბიაში მყოფი მეზღვაურების ოჯახის წევრებმა „ქართულ მარშთან“ ერთად საგარეო უწყებასთან აქცია გამართეს
ლიბიაში მყოფი მეზღვაურების, რაულ ტაკიძისა და მანუჩარ კეკელიძის ოჯახის წევრებმა „ქართული მარშის“ წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს.
როგორც რაულ ტაკიძის მამამ განაცხადა, საგარეო უწყებას დახმარებას სთხოვენ.
აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მომიტინგეებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი შეხვდა. როგორც კონსტანტინიდმა განაცხადა, მეზღვაურების ოჯახის წევრებთან ჰქონდა შეთანხმება, რომ შეხვდებოდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის შეხვედრა სამინისტროში მიმდინარეობს. შეხვედრაზე ვლადიმერ კონსტანტინიდთან ერთად რაულ ტაკიძის მამა და „ქართული მარშის“ რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფება.
მეზღვაურების ახლობლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ გემზე ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძის საქმეზე საგამოძიებო პროცესის გაჭიანურების გამო, ორი თვეა, რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ.
გამოძიება ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს. იგი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე (MV Dogan Bey) მუშაობდა. ამავე გემზე მუშაობდნენ რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე. გემი ლიბიის ნავსადგურ მისრატაში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან ღამით, მორიგეობის დროს გაუჩინარდა. ფაქტი 7 იანვარს მოხდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად, მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს. გარდაცვლილი დავით რაზმაძე საქართველოში 5 მარტს ჩამოასვენეს.