ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების ოჯახები საქართველოს საგარეო უწყებას დახმარებას სთხოვენ
ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების ოჯახები საქართველოს საგარეო უწყებას დახმარებას სთხოვენ

ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების, რაულ ტაკიძისა და მანუჩარ კეკელიძის ოჯახები საქართველოს საგარეო უწყებას დახმარებას სთხოვენ.

რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე გემზე ლიბიაში გარდაცვლილ დავით რაზმაძესთან ერთად იმყოფებოდნენ.

როგორც მეზღვაურების ახლობლებმა დღეს ბრიფინგზე განაცხადეს, რაზმაძის საქმეზე საგამოძიებო პროცესის გაჭიანურების გამო, ორი თვეა, რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ.

მათი განცხადებით, მეზღვაურები ყოველდღიურად დაკითხვაზე ჰყავთ და ქვეყნის დატოვების უფლებას ლიბიის ხელისუფლება არ აძლევს. ახლობლები ფიქრობენ, რომ ლიბიაში საომარი მოქმედებების გამო, ქართველი მეზღვაურები საფრთხეში არიან.

მეზღვაურის ოჯახის წევრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დღეს 15:00 საათზე უწყებასთან აქციის გამართვას გეგმავენ.

„ლიბიაში, ქალაქ მისრატაში 2018 წლის დეკემბერში შაქრით დატვირთული გემი შევიდა. გარდაცვლილ დავით რაზმაძის 19-კაციანი ეკიპაჟი შინაპატიმრობაშია. მათ შორის არის ორი ქართველი: რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე. მიმდინარეობს გამოძიება, რის გამოც ქვეყანას ვერ ტოვებენ. ჩვენი ქვეყანა ამ ადამიანებს არ კითხულობს. შინაპატიმრობაში მყოფი ქართველ მეზღვაურები საერთო საცხოვრებელში არიან და გარეთ ვერ გამოდიან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ვითხოვთ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გავლენიანმა უწყებამ ბიჭები ნეიტრალურ ზონაში გამოიყვანონ. დავით რაზმაძის გარდაცვალების გამო, ყოველდღე მათი დაკითხვა მიმდინარეობს“, – განაცხადა რაულ ტაკიძის ახლობელმა.

გამოძიება ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს. იგი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე (MV Dogan Bey) მუშაობდა. ამავე გემზე მუშაობდნენ რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე. გემი ლიბიის ნავსადგურ მისრატაში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან ღამით, მორიგეობის დროს გაუჩინარდა. ფაქტი 7 იანვარს მოხდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად, მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს. გარდაცვლილი დავით რაზმაძე საქართველოში 5 მარტს ჩამოასვენეს.