ლევან ვეფხვაძე - მტკიცებით ფორმაში არ გვითქვამს, რომ ტყიბულის შახტში სამთო დარტყმა მოხდა, ყველაფერი გამოძიებამ, ექსპერტთა ჯგუფმა უნდა დაადგინოს
ჩვენ მტკიცებით ფორმაში არ გვითქვამს, რომ ტყიბულის შახტში დანამდვილებით სამთო დარტყმა იყო, ეს ყველაფერი გამოძიებამ, ექსპერტთა ჯგუფმა უნდა დაადგინოს, – განაცხადა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მრჩეველმა სტრატეგიულ საკითხებში, ლევან ვეფხვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„ტრაგედიის ადგილას ჩასული იყო ექსპერტთა ჯგუფი, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს სრული სურათის აღდგენა და საბოლოო მიზეზები გამოკვეთა ვერ მოხერხდა. თუმცა, ჩვენ იმ სამი ადამიანის მონათხრობს ვეფუძნებით, რომლებმაც ეს ყველაფერი თავის თავზე განიცადეს. მათ ძალიან დიდი პროფესიონალიზმი, გამოცდილება აქვთ და დაახლოებით იციან, სამთო დარტყმები როგორ ხდება და რა რას ნიშნავს“, – განაცხადა ვეფხვაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გახსნამდე ვინ შეამოწმა ველის უსაფრთხოება, სადაც ტრაგედია მოხდა, ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ სამთო დარტყმებთან დაკავშირებით ერთადერთი შემოწმება ისტორიული მონაცემებია, თუ რამდენადაა კონკრეტული ადგილი ნიშნების გამოვლენის მიმართ მიდრეკილი. მისივე თქმით, უბნები, სადაც მომეტებული რისკები არსებობს, შესაბამისად მუშავდება, ეს ადგილი კი რაიმე ტიპის ნიშნებით გამოკვეთილი არ იყო, რომ იქ შეიძლება, სამთო დარტყმა მომხდარიყო.
„შესაბამისად, თუ დავუშვებთ, რომ ეს ნამდვილად სამთო დარტყმა იყო, ასეთი ტიპის ტრაგედია სრულიად მოულოდნელი გახლდათ. იქ, სადაც ჭერის ჩამოქცევა მოხდა, ველი არ არის, ეს მე–300 ჰორიზონტზე გამომუშავებული სივრცეა, საიდანაც დარტყმის ტალღა კაპიტალურ გვირაბებზე გავრცელდა და მეშახტეების დაღუპვა გამოიწვია“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.