ბექა ფერაძე - ტყიბულის შახტში უსაფრთხოების რიგი ინსტრუმენტები მეტწილად დანერგილია, მაგრამ კომპანიის მიერ ეფექტური ზედამხედველობა არ ხდება
ბექა ფერაძე - ტყიბულის შახტში უსაფრთხოების რიგი ინსტრუმენტები მეტწილად დანერგილია, მაგრამ კომპანიის მიერ ეფექტური ზედამხედველობა არ ხდება

შრომის ინსპექტორთა ჯგუფმა მყისიერი რეაგირება მოახდინა, მოხდა დოკუმენტაციის შესწავლა და განხორციელდა თანმდევი პროცესები, მაგრამ ლოკაცია ვერ დათვალიერდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ლოკაცია ვერ დათვალიერდა, რადგან ავარიის ლიკვიდაციის პროცესები დასრულებული არ იყო და დასაშვები არ იყო მეთანის კონცენტრაციის დონე, რომ იქ ინსპექტორების ჩასვლა და ინსპექტირების განხორციელება ყოფილიყო დაშვებული. მოკვლევა ხვალ დილიდან განახლდება“, – განაცხადა ფერაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია სავარაუდო ვერსია და რა შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევის მიზეზი, უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობა თუ ადამიანური შეცდომა, ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ ადამიანური ფაქტორი შესაძლოა, მრავალმხრივი იყოს, მაგრამ ზოგადად, ეფექტური ზედამხედველობის მიმართულებით კომპანიას ხარვეზები ჰქონდა.

„ამ შემთხვევაში, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რიგი ინსტრუმენტები მეტწილად, დანერგილია, მაგრამ ხარვეზები იკვეთება, რადგან კომპანიის მიერ ეფექტური ზედამხედველობა არ ხდება და პროცესების ანალიზი გაკეთებული არ არის“, – განაცხადა ფერაძემ.

მისი თქმით, ადამიანის უფლებები ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია და მინდელის შახტაში არანაირი სამუშაოები არ იწარმოება მანამდე, სანამ კომპლექსური შემოწმება არ დასრულდება და შესაბამისი ანგარიში არ შედგება.

„შემდგომი ნაბიჯები შესაძლოა, სხვადასხვა მიმართულებით განვსაზღვროთ. სამმხრივმა კომისიამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართა, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია რამდენიმე საკონსულტაციო, საექსპერტო კომპანიას, რომლებთანაც ინტენსიური მოლაპარაკებები გვაქვს. მათ შორის ერთი საქართველოში ხვალ ჩამოდის და კონსულტაციების შედეგად ვნახავთ, რამდენადაა შესაძლებელი შახტში უსაფრთხოების ნორმების მიღწევა. შემდგომი ნაბიჯები ამის მიხედვით გადაიდგმება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.