მეშახტეების ორგანიზებით ტყიბულში საპროტესტო აქცია გაიმართება
მეშახტეების ორგანიზებით ტყიბულში საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს ტყიბულში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მეშახტეების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება. მათი უპირობო მოთხოვნა შახტის ადმინისტრაციის შეცვლა და 16 ივლისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამოძიებაა.

პირველ არხთან საუბრისას ერთ-ერთმა მეშახტემ, ხვიჩა გაბუნიამ ისიც განაცხადა, რომ მეშახტეებისა და ტყიბულის მოსახლეობის უმრავლესობას უკვე ჰყავს საკუთარი კანდიდატი, რომელიც შახტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას შეძლებს.

„აქციები გაიმართება მანამდე, სანამ მეშახტეები და ტყიბულელი ხალხი არ დადებს შედეგს. შედეგში ვგულისხმობ შახტის ადმინისტრაციის შეცვლას და ხალხის უმრავლესობით იმ კანდიდატის წარდგენას, რომელიც მისაღები არის არამარტო მეშახტეებისთვის, არამედ სრულიად ტყიბულისთვის. არის ასეთი კანდიდატი. ეს ადამიანი არის დასაქმებული „საქნახშირში“, რომელსაც აქვს ნახშირის მოპოვების მრავალწლიანი გამოცდილება და არის ხელმძღვანელად ნამუშევარი“, – განაცხადა მეშახტე ხვიჩა გაბუნიამ.

მეშახტეების ინფორმაციით, დღევანდელ აქციას რიგითი მოქალაქეებიც შეურთდებიან.

რაც შეეხება პროფკავშირებს, ხვიჩა გაბუნიამ განაცხადა, რომ მათ მეშახტეების სახელით უნდობლობას უცხადებს.

„თითოეული მეშახტე არის ორგანიზატორი, თითოეული ტყიბულელი და ის ადამიანი, ვისაც ამ მდგომარეობაზე შესტკივა გული. პროფკავშირებს ჩვენ არ ვენდობით, ვუცხადებთ სრულ უნდობლობას, მაგრამ თუკი მოვლენ და გულთან ბოლომდე მიიტანენ ჩვენს მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ჩვენც მივიღებთ ამ შემთხვევაში და რასაც ჰქვია ნდობა, იქნება ნულოვანი“, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში პირველ არხს განუცხადეს, დღევანდელ საპროტესტო აქციას პროფკავშირების ადგილობრივი ორგანიზაცია შეურთდება, ზეგ დაანონსებულ აქციაზე კი მხარდასაჭერად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებიც მივლენ. ისინი მეშახტეებს მხარდაჭერას მხოლოდ გამოძიების სწორად და სრულფასოვნად წარმართვის ნაწილში უცხადებენ.

მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას 16 ივლისს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

მეშახტეების ორგანიზებით ტყიბულში აქცია დღეს, 10:00 საათზეა დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი