თამაზ დოლაბერიძე - საქართველოს პრემიერმა შრომით ურთიერთობებში ახალი სიტყვა თქვა
თამაზ დოლაბერიძე - საქართველოს პრემიერმა შრომით ურთიერთობებში ახალი სიტყვა თქვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შრომით ურთიერთობებში სრულიად ახალი სიტყვა თქვა, – ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ქვეყნის პირველი პირისგან მსგავსი დამოკიდებულება და ბიზნესის მიმართ მსგავსი ტიპის ხისტი განცხადება პირველად მოვისმინეთ, რასაც, რა თქმა უნდა, მივესალმებით, მაგრამ გულწრფელად მინდა მჯეროდეს, ეს ყოფილ პრემიერზე ხელის შეწმენდის პროცედურა არ არის და სახეზე გვაქვს მთავრობის გულწრფელი ტრანსფორმაცია“, – განაცხადა დოლაბერიძემ.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება სიტყვა-სიტყვით იმეორებს იმ მოთხოვნებს, რაც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას 5 აპრილის შემთხვევის შემდეგ პერიოდში ჰქონდა.

„ჩვენ ზუსტად იმავეს ვითხოვდით, რომ შახტებზე მუშაობა დროებით შეჩერებულიყო, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით რისკებისა და საფრთხეების მონიტორინგი განხორციელებულიყო და მეშახტეებისთვის ხელფასი ბოლო თეთრამდე ყოფილიყო გადახდილი, იძულებით მოცდენის მთელ პერიოდზე“, – განაცხადა დოლაბერიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და რა უნდა გაკეთდეს, რათა შახტში უსაფრთხო სამუშაო პირობები იქნას უზრუნველყოფილი, თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, რომ ყველაზე დიდი კითხვის ნიშნები შსს-სთან აქვს, რომელიც საწარმოში ფაქტის მოხდენიდან რამდენიმე წამში შედის, გამოძიებას იწყებს, ხელი მიუწვდება თვითმხილველთა გამოკითხვაზე და ექსპერტიზის დასკვნებზე, მაგრამ 5 აპრილს მომხდარ ფაქტზე ჯერაც არ ამბობს, ვისი ბრალეულობა გამოიკვეთა.

„ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოებამ უნდა მოისმინოს, ესა თუ ის შემთხვევა ვისი ბრალია. მნიშვნელობა არ აქვს, მუშა იქნება დადანაშაულებული, კომპანიის ადმინისტრაცია, თუ ნაწილობრივ ორივე. ჩვენ ეს უნდა გავიგოთ, რათა მომავალში პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა შესაძლებელი გახდეს“, – განაცხადა დოლაბერიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვანახშირის მრეწველობა ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი დარგია, მაგრამ ტყიბულის ქვანახშირის შახტები ბუნებრივი საფრთხეებით გამოირჩევა და ბუნებრივი საფრთხეების ასეთი ბუკეტი სხვა შახტებზე არ გვხვდება.

„ნახშირმოპოვების პროცესში ტყიბულის შახტზე გაასმაგებული ყურადღებაა საჭირო, ვიდრე მაგალითად, რუსეთის რომელიმე შახტზე, რომელიც შესაძლოა, სიღრმით სამჯერ უფრო ღრმა იყოს, ვიდრე ტყიბულის შახტი, რადგან იმდენი საფრთხე, რაც ტყიბულში გვაქვს, სხვაგან არ გვხვდება“, – განაცხადა დოლაბერიძემ.

მისი თქმით, შახტებზე სამუშაოების დროებით შეჩერება და არსებული საფრთხეების სრული მონიტორინგი პრევენციისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია, მაგრამ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტრაგედიის შედეგების განეიტრალების ეგიდით, ტყიბულში სოციალური ტრაგედია არ უნდა მივიღოთ და მეშახტეებს ბოლო თეთრამდე უნდა დაეფაროთ თანხა, რასაც ხელფასის სახით იღებდნენ.

დატოვე კომენტარი