ლევან ვასაძე - ძალიან სჭირდებათ, გარყვნილების საჯარო ზეიმი ჩატარდეს, რადგან კარგად იციან, რომ ეს არის საკრალური, ზებუნებრივი აქტი ერის ნამუსის ახდის
ლევან ვასაძე - ძალიან სჭირდებათ, გარყვნილების საჯარო ზეიმი ჩატარდეს, რადგან კარგად იციან, რომ ეს არის საკრალური, ზებუნებრივი აქტი ერის ნამუსის ახდის

ჩვენ კი არ ვართ მოძალადეები, ჩვენ ვართ შეტევის ქვეშ, ძალადობის მსხვერპლი ვართ და ახლა ისინი მიიღებენ იმ პასუხს, რომელსაც არ ელოდნენ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც მისი ორგანიზებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემა დგას.

„აღმოჩნდა, რომ ის, რაც ჩვენ თავისუფლება გვეგონა, ყოფილა ისეთივე მავნებელი, ან შეიძლება კიდევ უფრო მავნებელი, ვიდრე ის, რასაც ჩვენ ვებრძოდით მაშინ. ჩვენი ოჯახები ინგრევა. ყოველ წელს საქართველოში ჩვენი ქალები საკუთარ საშოში დანით კლავენ 40-დან 80 ათას ბავშვამდე, აბორტის სახით. თუ გადავამრავლებთ ამას იმ 30 წელიწადზე, რაც ჩვენ გადავედით ამ რეჟიმში, თუმცა აბორტი ლენინის დროს შემოვიდა და მანამდეც იყო, მაგრამ ასეთი მასიური სახე მას არ ჰქონია, გავამრავლოთ საშუალოდ 50 ათასი უმანკო ჩვილი მოკლული დედის საშოში 30 წელიწადზე და გამოვა, რომ მილიონ ნახევარი ქართველი გვყავს მოკლული ჩვენი ხელით.

ყოველი მესამე მამაკაცი ამ წლების განმავლობაში გახდა ნარკომანი, ყოველი მესამე ზრდასრული მამაკაცი სააკაშვილის რეჟიმის დროს მოხვდა ციხეში. და რას გვთავაზობენ ახლა – ამ ტენდენციისა და მიმართულების დაგვირგვინებას. ის, რისი ჩატარებაც უნდათ აქ, არის გვირგვინი, ფინალი, ბოლო ლურსმანი ეროვნული სულისა და ეროვნული სხეულის კუბოში“,- განაცხადა ვასაძემ.

მისივე თქმით, „ძალიან სჭირდებათ, რომ გარყვნილების საჯარო ზეიმი ჩატარდეს, რადგან მათ კარგად იციან, რომ ეს არის საკრალური, ზებუნებრივი აქტი ერის ნამუსის ახდის“.

„ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რომ ჩვენც გავტყდეთ, რადგან თითქმის ყველგან, სადაც ქრისტეს ჯვარი აღიმართა, მათ ეს შეძლეს. ძალიან სჭირდებათ რატომღაც, რომ გარყვნილების საჯარო ზეიმი ჩატარდეს. რატომ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის საკრალური, ზებუნებრივი აქტი ერის ნამუსის ახდისა, რომ ეს არის ის რუბიკონი, ზღვარი, რომლის იქითაც ზნეობრივ ადამიანს ეუფლება უკიდეგანო დაღონების განცდა, რომ მან ვერაფერი შეძლო და რომ ეს გარდაუვალია. ეს არ მოხდება საქართველოში. ჩვენ არავის ვერჩით, არც ერთ ცოდვილს და ცოდვილთაგანი, როგორც ყველა ქრისტიანი ამბობს, პირველი მე ვარ. მაგრამ იმ პირობით, რომ ადამიანი ირცხვენს ცოდვას, ებრძვის მას და ცდილობს, რომ მოერიოს.

როდესაც გვეუბნებიან, რომ ჩვენ ხომ ქრისტიანები ვართ და არ უნდა ვლაპარაკობდეთ ე.წ. სიძულვილის ენით, ჩვენ გვატყუებენ, როდესაც გვეუბნებიან, მოჰყავთ მაგალითები, არასწორი ინტერპრეტაციები ჩვენი წმინდა წიგნებიდან. მაგალითად, გვეუბნებიან, ვინ ხართ, რომ ვინმე განიკითხოთ. როდესაც მაცხოვარს ტაძარში მიუყვანეს მეძავი ქალი, შესთავაზეს, განეკითხა ის, რათა მათი წესით ის ჩაქოლილიყო და მასზე ჩირქი მოეცხოთ, მან სთქვა, ის თქვენგანი, ვინც არის უცოდველი, მან ესროლოს პირველმა ამ ქალბატონს ქვა. ეს მაგალითი მოჰყავთ ჩემთან იმ ადამიანებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ილია მეორეზე და ჩვენს ეკლესიაზე უკეთ ესმით ბიბლია და ქრისტიანობა. მინდა ვკითხო მათ, მაგ ტაძარში, მაგ დროს, ეს მეძავი ქალი რას აკეთებდა? ფერადი დროშით დასეირნობდა და თავის ზეიმს მოითხოვდა? თუ თავჩაქინდრული იდგა და ხმას არ იღებდა, ირცხვენდა თავის ცოდვას. და მაცხოვარს ეუბნებოდა, ეს ჩემი უფლება არისო? ძალიან მაინტერესებს, მას რომ ასეთი რამე ეკადრა იქ, მაცხოვარი რას იზამდა, მათრახით ხომ არ გააგდებდა იქიდან, როგორც მან ტაძრიდან გაყარა მეკერმეები და ვაჭრები, რომლებიც არცხვენდნენ და შეურაცხყოფდნენ სიწმინდეს.

ამიტომ არავითარი კავშირი თავისუფლებასა და დაძალებას შორის ამ უზნეობისა, არ არსებობს. არავითარი კავშირი ზნეობასა, შემწყნარებლობასა, სიკეთესა და ამ ჯოჯოხეთს შორის არ არსებობს. ჩვენ კი არ ვართ მოძალადეები, ჩვენ ვართ შეტევის ქვეშ, ძალადობის მსხვერპლი ვართ და ახლა ისინი მიიღებენ იმ პასუხს, რომელსაც არ ელოდებოდნენ“,- განაცხადა ვასაძემ.