ლევან ვასაძე - სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ეკლესიას, მეუფე სპირიდონს და მოვითხოვთ, შეწყდეს მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია
ლევან ვასაძე - სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ეკლესიას, მეუფე სპირიდონს და მოვითხოვთ, შეწყდეს მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია

პოლიტიკური მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელ ლევან ვასაძის განცხადებით, მეუფე სპირიდონი უბინძურესი ცილისმწამებლური კამპანიის მსხვერპლია.

მისივე თქმით, მიმდინარეობს უაპელაციო, ყოველგვარ მტკიცებულებებს მოკლებული, მიზანმიმართული პიარკამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ეკლესიის დისკრედიტაციას.

„ჩემი და აქ შეკრებილი საზოგადოების აზრით, ჩვენი ეკლესია, და ამ შემთხვევაში მეუფე სპირიდონი, არის უბინძურესი ცილისმწამებლური კამპანიის ობიექტი და მსხვერპლი. ხდება უაპელაციო, ყოველგვარ მტკიცებულებებს მოკლებული, მიზანმიმართული პიარკამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ეკლესიის დისკრედიტაციას, და კერძოდ, მეუფე სპირიდონისა და იმ ბავშვთა სახლის დისკრედიტაციას, რომელსაც ის სრულიად უანგაროდ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს.

ეს არის პროგრამის ნაწილი, რათა დასუსტდეს ეკლესიის ავტორიტეტი და ტრადიციული ღირებულებები. თუკი რაიმე დარღვევა არსებობს ამა თუ იმ დაწესებულებაში, და ის ყოველთვის შეიძლება, სადმე არსებობდეს, დარწმუნებული ვარ, უპირველესად, მეუფე სპირიდონს ყველაზე უფრო ადარდებს და აინტერესებს ამ ფაქტების გამოკვლევა. მაგრამ მტკიცებულებს მოკლებული ბრალდებების საფუძველზე ასეთი ისტერიკის მოწყობა, კერძო საეკლესიო ტერიტორიაზე შეჭრა, ბავშვებისთვის სტრესის მიყენება, არის სრულიად მიუღებელი და ის ემსახურება ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას. ამიტომ ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს ეკლესიას, მეუფე სპირიდონს, და მოვითხოვთ, შეწყდეს მის წინააღმდეგ კამპანია“, – განაცხადა ლევან ვასაძემ სახალხო დამცველის ოფისთან, საპროტესტო აქციაზე.

აქციის მონაწილეებმა ნინო ლომჯარიას გადადგომა მოითხოვეს და მეუფე სპირიდონს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანა.

გარდა ამისა, როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ანა არგანაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას მხოლოდ შშმ ბავშვების უფლებების დაცვა შეუძლია სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ პანსიონში საფრთხე ეხება იქ მცხოვრებ ყველა ბავშვს.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ამ დროისთვის 20-მა ბენეფიციარმა დატოვა. მათ შორის შვიდი შშმ პირია. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება პანსიონის ხელმძღვანელი – მეუფე სპირიდონი. ამასთან, საპატრიარქოში აცხადებენ, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს ეხება.