„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორი - პროპაგანდის, გამოხატვის და უამრავი თავისუფლების აკრძალვა არის ის, რითაც რუსეთი ცდილობს ევროპის დემონიზებას, ვასაძე არის ამ ინფორმაციის პირდაპირი გამტარი, ის უნდა იჯდეს ციხეში
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორი - პროპაგანდის, გამოხატვის და უამრავი თავისუფლების აკრძალვა არის ის, რითაც რუსეთი ცდილობს ევროპის დემონიზებას, ვასაძე არის ამ ინფორმაციის პირდაპირი გამტარი, ის უნდა იჯდეს ციხეში

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის განცხადებით, ლევან ვასაძე საუბრობს იმ კანონზე, რომელსაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროების მქონე ქვეყნებში ლობირებს.

მისივე თქმით, პროპაგანდის, გამოხატვის, შეკრების და უამრავი თავისუფლების აკრძალვა არის ის, რითაც რუსეთი ცდილობს, დასავლეთის, ევროპის დემონიზებას.

„კანონი, რომელზეც ლევან ვასაძე საუბრობს, არის ცნობილი კანონი, რომელსაც რუსეთი ლობირებს თავისი გავლენის სფეროების მქონე ქვეყნებში – პროპაგანდის, გამოხატვის, შეკრების და უამრავი თავისუფლების აკრძალვას და ეს არის ის, რითაც რუსეთი ცდილობს დასავლეთის დემონიზებას, ევროპის დემონიზებას. ვასაძე ამ შემთხვევაში არის პირდაპირი გამტარი ამ ინფორმაციის და ვფიქრობ, ლევან ვასაძე უნდა იჯდეს ციხეში. ხელისუფლების ვალდებულებაა, სათანადო რეაგირება ჰქონდეს ლევან ვასაძის მუქარებზე, ვასაძე შემჩნეულია ღიად მუქარასა და ძალადობაში“, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა.

რაც შეეხება ლევან ვასაძის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის დაანონსებული პრაიდის გაუქმებაზე საუბრობს, გიორგი თაბაგარის თქმით, საქართველოს კონსტიტუციით ყველა ადამიანს აქვს შეკრების, მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის უფლება.

თაბაგარის განმარტებით, ამავე დროს, სახელმწიფოც ვალდებულია, დაიცვას ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრების უფლება.

„პრაიდის აკრძალვას რაც შეეხება, საქართველოს კონსტიტუციით, ყველა ადამიანს აქვს შეკრების და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის უფლება, ლევან ვასაძეს არ აქვს უფლება, რომ ვინმეს აუკრძალოს შეკრება და სახელმწიფოც ვალდებულია, დაიცვას ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრების უფლება. ჩვენ არ ვართ მოძალადე ჯგუფები, ლევან ვასაძე წარმოადგენს სიძულვილის ჯგუფს და ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ გვექნება მშვიდობიანი მსვლელობა, სახელმწიფო დაიცავს ჩვენს უფლებებს“, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა.

მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღონ „გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონი და გააუქმონ დაანონსებული პრაიდი.