ლევან ვასაძე - ეკლესიაზე შეტევის სათავეში დგას ადამიანი, რომელსაც ჰქვია სახალხო დამცველი
ლევან ვასაძე - ეკლესიაზე შეტევის სათავეში დგას ადამიანი, რომელსაც ჰქვია სახალხო დამცველი

ეკლესიაზე შეტევის სათავეში დგას ადამიანი, რომელსაც ჰქვია სახალხო დამცველი, – ამის შესახებ მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა, ლევან ვასაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, ის არის სახალხო დამცველი ქვეყანაში, სადაც სააკაშვილის რეჟიმმა საერთაშორისოდ დამტკიცებული სტატისტიკის შესაბამისად, ციხეში ჩასვა 330 ათასი მოქალაქე. ე.წ. გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა იყო 0,5 პროცენტი, ოფიციალური მონაცემებით, ამ რეჟიმმა ქონება წაართვა 9940 ბიზნესს.

„ეს ადამიანი არის სახალხო დამცველი ქვეყანაში, სადაც ეს მოხდა და წლების განმავლობაში თითი თითზე არ ურტყამს, რათა მოხდეს ამ ადამიანების უფლებების აღდგენა, ღირსების აღდგენა, ქონების დაბრუნება. გვეუბნება, რომ მეტი საქმე აღარ დარჩა უფლებების აღდგენის თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ მტკიცებულებების გარეშე მღვდელმთავარს, რომელმაც ცხოვრება შესწირა ბავშვების აღზრდას, დევნოს და დაუნგრიოს რეპუტაცია. შავით თეთრზეა ყველაფერი. ჩვენ არ ვართ მომხრე ნამდვილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა, ჩვენ ვართ მომხრენი, რათა ისჯებოდეს ცილისწამება, შეურაცხყოფა და შუღლის გაღვივება. ვფიქრობ, რომ ამ ე.წ. სახალხო დამცველმა წლების განმავლობაში შეიქმნა სამწუხაროდ, ისეთი რეპუტაცია, რომ ხალხი მას არ ენდობა“, – განაცხადა ვასაძემ.

მისივე თქმით, ხალხს მიაჩნია, რომ სახალო დამცველი არის ანგაჟირებული წარმომადგენელი გარკვეული ძალებისა, რომლებიც თავიანთ მიზნად ისახავენ ქვეყანაში ეკლესიისა და ტრადიციული ღირებულებების დისკრედიტაციას.

„ადამიანი, არის სახალხო დამცველი ქვეყანაში, სადაც ასობით ათასი ადამიანის უფლების ხელყოფა მოხდა და არ ესარჩლება ამ უფლებებს. ადამიანმა შეიქმნა რეპუტაცია, რომლისადმი დამოკიდებულებასაც ვხედავთ. მე ძალიან კარგად მესმის, რატომ ვერ იწვევს ქალბატონი ნინო ლომჯარია ნდობასა და სიმპათიას ჩვენს მოსახლეობას, არამარტო ეკლესიის წარმომადგენლებში, რადგან დილიდან საღამომდე აკეთებს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია ეკლესიისა და ტრადიციების დანგრევაზე, დისკრედიტაციაზე, არაფერს აკეთებს ამ გაუბედურებულ ქვეყანაში, რათა იმ ხალხს, მასას ხალხისა და ბიზნესებისა, ვისაც მართლა შეულახეს უფლებები, აღუდგინოს ეს უფლებები და ღირსებები“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.