„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ - შეკრების, გამოხატვის თავისუფლება კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებაა, სახელმწიფო ვალდებულია, ამ უფლებით სარგებლობა არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ - შეკრების, გამოხატვის თავისუფლება კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებაა, სახელმწიფო ვალდებულია, ამ უფლებით სარგებლობა არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს

ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ „პრაიდთან“ დაკავშრებით მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელის, ლევან ვასაძის განცხადებას ეხმაურება.

ორგანიზაციის შეფასებით, ლევან ვასაძის განცხადება ჰომოფობიური და მუქარის შემცველია.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივაში“ აცხადებენ, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებაა, სახელმწიფო კი ვალდებულია, ამ უფლებით სარგებლობა უზრუნველყოს არადისკრიმინაციულად.

ორგანიზაცია მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, „გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და გაატარონ პრევენციული ღონისძიებები“.

„2021 წლის 15 ივნისს ბიზნესმენმა და პარტიის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებლმა, ლევან ვასაძემ მიმართა ხელისუფლებას, რომ აძლევს 10-დღიან ვადას 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის გასაუქმებლად და გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მისაღებად. „ვაძლევთ ხელისუფლებას 10-დღიან ვადას, გააუქმოს 25 ივნისამდე დაგეგმილი ე.წ. დაანონსებული პრაიდი, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციის და დაპირისპირების პროცესების განვითარებას, რათა ყოველ წელს არ გვიწევდეს სირბილი ამ სისულეებზე“, – აღნიშნავს იგი.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ გმობს ზემოაღნიშნულ განცხადებას, როგორც სიძულვილის წამახალისებელსა და ჰომოფობიურს.  საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით დაცული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომლითაც სარგებლობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველასთვის არადისკრიმინაციულად, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ სხვა ნიშნისა. ამავდროულად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოება. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამ ვალდებულებას არ ასრულებს, რის გამოც ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს უკვე წლებია არ ეძლევათ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზების შესაძლებლობა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.

ხელისუფლება სათანადო ღონისძიებებს არ ატარებს ლევან ვასაძის, სხვა სიძულვილის ჯგუფების და ზოგადად ჰომოფობიური და სიძულვილის წამახალისებელი განცხადებების/ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ და არ ახორციელებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურ გამოძიებას.  სწორედ ამის შედეგია ის, რომ ყოველწლიურად ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერები და წევრები ღიად იმუქრებიან და აანონსებენ თავდასხმებს ლგბტ+ თემის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებზე“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, „გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები ღირსების მარშის გამართვამდე, მათ შორის დაიწყონ გამოძიება ყველა დანაშაულის შემცველი შემთხვევის მიმართ, ხოლო დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში, უზრუნველყონ თითოეული აქტივისტის უსაფრთხოება“.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ აცხადებს, რომ მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფო უწყებების მიერ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს და აღმოუჩენს სამართლებრივ მხარდაჭერას კვირეულის ორგანიზატორებს“, – ნათქვამია განცხადებაში.