ლევან სურგულაძე - რეფორმის მთავარი მიზანია, მოქალაქეებს საპენსიო ასაკში ფინანსურად უზრუნველყოფილი ცხოვრება და ღირსეული სიბერე ჰქონდეთ
ლევან სურგულაძე - რეფორმის მთავარი მიზანია, მოქალაქეებს საპენსიო ასაკში ფინანსურად უზრუნველყოფილი ცხოვრება და ღირსეული სიბერე ჰქონდეთ

რეფორმის მთავარი მიზანია, მოქალაქეებს საპენსიო ასაკში ფინანსურად უზრუნველყოფილი ცხოვრება და ღირსეული სიბერე ჰქონდეთ, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„საპენსიო რეფორმა ისტორიული მნიშვნელობის, სისტემური რეფორმაა. რეფორმის მეორე მიზანი ის არის, რომ ქვეყანაში პირველად შეიქმნება საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რაც უახლოეს რამდენიმე წელიწადში მოხდება. საპენსიო დანაზოგების სახით, პირველ ორ წელიწადში, დაახლოებით, მილიარდ-ნახევარ ლარს ველოდებით, ხოლო ექვს წელიწადში ეს თანხა, ჩვენი შეფასებით, ხუთ მილიარდ ლარამდე უნდა ავიდეს“, – განაცხადა სურგულაძემ.

მისი თქმით, ეს თანხა საქართველოსთვის ძალიან დიდია და კანონის მიხედვით, ამ თანხის 80%-მა საქართველოში უნდა იმუშაოს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ბაზარზე ისეთი კომპანიების წარმოჩენას, რომლებიც ფასიან ქაღალდებს გამოუშვებენ, შესაბამისად, ფინანსურად გამჭვირვალე, მოწესრიგებული იქნებიან და ასეთ ფინანსურ ინსტრუმენტებში შესაძლებელი იქნება თანხების განთავსება.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა პროგნოზი, რამდენი ადამიანი ჩაერთვება საპენსიო რეფორმაში, ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომ 1-ელი იანვრიდან, მათი შეფასებით, სავალდებულო წესით, დაახლოებით, 700 000 ადამიანი გაწევრიანდება

„თუმცა, იმ ადამიანებს, რომლებიც კანონის მიღების მომენტში 40 წლის უკვე იყვნენ, სამი თვის შემდეგ გაეხსნებათ ორი თვის ხანგრძლივობის ფანჯარა, რომლის განმავლობაშიც შეუძლიათ, განცხადების საფუძველზე ეს სქემა დატოვონ. დანარჩენები კი, დარჩებიან“, – განაცხადა სურგულაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სად წავა იმ ადამიანების მიერ დაგროვილი თანხა, რომლებიც პროექტში მონაწილეობას მიიღებენ და დანაზოგს გააკეთებენ, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამუშაოს დაკარგავენ, სურგულაძემ განაცხადა, რომ თუ ადამიანს ხელფასი არ აქვს, არაფერი არ გროვდება, მაგრამ მუშაობის პერიოდში დაგროვილი თანხა მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რჩება და როცა მუშაობას გააგრძელებს, დანაზოგის შეგროვებაც გაგრძელდება.

შეკითხვაზე, ვინ იქნება პასუხისმგებელი, რომ მოქალაქეების მიერ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხები ანაბრებივით არ გაქრება, რადგან 90-იანი წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, დაგროვებით სისტემებთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი უნდობლობა არსებობს, სურგულაძემ განაცხადა, რომ 90-იან წლებში ანაბრები იმიტომ გაქრა, რომ ხალხს ფული იქ მიჰქონდა, სადაც თვეში დაახლოებით, 50-%-იან ამონაგებს ჰპირდებოდნენ. როგორც ლევან სურგულაძემ აღნიშნა, მას შემდეგ 30 წელი გავიდა, სახელმწიფო ისეთი აღარ არის და მოქალაქეები უნდა ენდონ კანონით განსაზღვრულ და დაცულ, დაბალანსებულ, კონტროლის მექანიზმებით უზრუნველყოფილ სტრუქტურას, რომელიც ჩამოყალიბდება.

„ის, რომ იქ ვიღაც უკანონობას არ ჩაიდენს, ამის გარანტი საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სახელმწიფოა“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.