ლევან რატიანი - ტესტირება უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ ტესტირება უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში. ამის შესახებ რატიანმა ჯანდაცვის სამინისტროში ისაუბრა, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით კლინიკური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
„სიმართლე რომ გითხრათ, მე თვითონ არ ვარ ეპიდემიოლოგი, მე ვარ მკურნალი ექიმი, მაგრამ ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ ტესტირება უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში.
დღეს საბჭოზე გადაწყდა მოწყვლად ჯგუფებზე, რომელსაც პირველ რიგში ესაჭიროებათ პრევენციისა და დიაგნოსტიკის ვერიფიცირების მიზნით აღნიშნული კვლევის ჩატარება“, – განაცხადა ლევან რატიანმა ჟურნალისტების საპასუხოდ.
გაფართოებულ ტესტირებაში დამატებითი ჯგუფები ჩაერთვებიან. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საუბარია მოხუცებულთა თავშესაფრებზე და ისეთ სათემო პანსიონატებზე, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები.