მოხუცთა თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები, სადაც შშმ პირები არიან მოთავსებული, ტესტირებებში ჩაერთვებიან
მოხუცთა თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები, სადაც შშმ პირები არიან მოთავსებული, ტესტირებებში ჩაერთვებიან

გაფართოებულ ტესტირებაში დამატებითი ჯგუფები ჩაერთვებიან.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საუბარია მოხუცებულთა თავშესაფრებზე და ისეთ სათემო პანსიონატებზე, სადაც შშმ პირები არიან მოთავსებული.

„გვქონდა შეხვედრა ჩვენს კლინიკურ ჯგუფთან და ყველა იმ კლინიკის ხელმძღვანელთან, რომლებიც უკვე ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არიან ჩართული კოვიდინფექციის მართვაში. განვიხილეთ დეტალები, თუ რა შედეგი აქვთ და რა პრობლემებს აწყდებიან, როგორც პაციენტების მართვის, მკურნალობის პერიოდში, ასევე საწოლ ფონდთან მიმართებაში. განვიხილავთ ამ წუთებშიც, თუ ვინ იქნება შემდეგი ჯგუფი, რომელიც იქნება ჩართული გაფართოებული ტესტირების ფარგლებში. ამ შემთხვევაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები, როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, მზად არიან, ტესტირება ხვალიდან დაიწყონ, თუმცა გარკვეული პროცედურებიდან გამომდინარე, თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.