თენგიზ ცერცვაძე - არჩილ თალაკვაძეს აქვს ბევრი თვისება, რომელიც დღევანდელ რთულ პერიოდში ძალიან გამოადგება ჯანდაცვის სამინისტროს
თენგიზ ცერცვაძე - არჩილ თალაკვაძეს აქვს ბევრი თვისება, რომელიც დღევანდელ რთულ პერიოდში ძალიან გამოადგება ჯანდაცვის სამინისტროს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძის შესაძლო კანდიდატურას დადებითად აფასებს.

მან ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძის შესაძლო შემცვლელად ლევან რატიანისა და არჩილ თალაკვაძის კანდიდატურებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.

ცერცვაძის თქმით, თავად კონსულტაციებში არ მონაწილეობს და მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

„კონსულტაციებში არ ვმონაწილეობ, მაგრამ ორივე შესანიშნავი კანდიდატურაა; რატიანი ჩემი მეგობარია, მაგრამ როცა ვამბობ, რომ ის მზად არ არის, ვგულისხმობ, რომ ის არის ძალიან კარგი ექიმი და დღეს ქვეყანას ის სჭირდება იქ, სადაც არის, რადგან ძალიან სერიოზული სეგმენტი უკავია კოვიდთან მუშაობის. ძალიან ახალგაზრდაა და მინისტრობაც და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს. ასე რომ, ის კარგი კანდიდატურაა, ჩემი მეგობარია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე, მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, გავაკეთებდი არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ, რადგან არჩილს ბევრი ღირსება აქვს; ჯერ ერთი – ძალიან ბევრი ინსტანცია აქვს გამოვლილი, ძალიან გამოცდილია, ფაქტობრივად, ნამუშევარია როგორც სამინისტროებში, ისე პარლამენტში, ის კარგად ფლობს თანამედროვე მიმართულებებს მედიცინაში. მისთვის დამახასიათებელია ინოვაციური მიდგომებისადმი ნიჭი და თავის დროზე ეს ყველაზე წარმატებულ პროგრამას, „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას სტიმული მისცა მისმა ინოვაციამ, როცა საპატიმროებში დაამუშავა ჩვენთან ერთად პროგრამა და დანერგა „ცე“ ჰეპატიტის უფასო პროგრამა, რომელსაც გზა მისცა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა. შემდეგ ეს გადაიზარდა გრანდიოზულ, უპრეცენდენტო პროგრამაში, რომელმაც განკურნა 75 000 ადამიანი. ასე რომ, ბატონ არჩილს ძალიან ბევრი ის თვისება აქვს, რომელიც, ვფიქრობ, დღევანდელ ძალიან რთულ პერიოდში ძალიან გამოადგება ჯანდაცვის სამინისტროს. მე ვუჭერ მას ყველანაირად მხარს. ეს არ ნიშნავს, რომ მე ვიცი, რომ ის იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ არ მაქვს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.