ლევან მეხუზლა - მოთხოვნის შემცირების პირობებში, შესაძლოა, ყურძნის ფასი შარშანდელთან შედარებით დაბალი იყოს, თუმცა სახელმწიფო სუბსიდირებას არ გეგმავს
სახელმწიფო წელს რთველის სუბსიდირებას არ გეგმავს, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ განაცხადა, რომელმაც დღეს რთველი 2019-თან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
ამასთან, მისი თქმით, პროდუქციის იგივე მიწოდებისა და ნაკლები მოთხოვნის პირობებში, შესაძლოა, ყურძნის ფასი, შარშანდელთან შედარებით დაბალი იყოს.
თუმცა, მეხუზლა მიიჩნევს, რომ ამის მიუხედავად, ფასი მაინც იმდენად მაღალი იქნება, რომ თვითღრებულებაც აანაზღაუროს და მევენახეებს გარკვეული მოგებაც დარჩეთ.
„იგივე მიწოდებისა და ნაკლები მოთხოვნის პირობებში, ცხადია, პირველი რაზეც ეს სავარაუდოდ იმოქმედებს, არის ფასი. თუმცა ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო ფასწარმოქმნაში არ ერევა. ეს არის თავისუფალი ბაზრის პირობებში გადასაწყვეტი საკითხი. ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა არის, რომ სწორი მესიჯები მივაწოდოთ ფერმერებს.
დაბალი მოთხოვნის პირობებში, შარშანდელთან შედარებით, ნამდვილად შესაძლოა ფასმა, დაიწიოს. სუბსიდირებას არ გეგმავს სახელმწიფო, ჩვენი ვარაუდით შარშანდელთან შედარებით, ფასმა შეიძლება, დაიკლოს, მაგრამ ის მაინც საკმაოდ მაღალი იქნება იმისთვის, რომ თვითღირებულება დაკმაყოფილდეს და გარკვეული მოგებაც დარჩეთ ფერმერებს“, – განაცხადა მეხუზლამ.
როგორც მან განაცხადა, 2019 წლის ზაფხულის პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე, რუსეთში ექსპორტის შემცირებამ და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე მოსალოდნელი სანქციების დაწესებამ, გააჩინა მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის რთველის პროცესში ღვინის მწარმოებლების მხრიდან ყურძნის შესყიდვის მოთხოვნა შემცირდება.
რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბმა ქალაქ თელავში მუშაობა უკვე დაიწყო.