ლევან მეხუზლა - ყურძენზე ფასების დადგენა არ არის სახელმწიფოს საქმე, ფასებს ადგენს თავისუფალი ბაზარი
ლევან მეხუზლა - ყურძენზე ფასების დადგენა არ არის სახელმწიფოს საქმე, ფასებს ადგენს თავისუფალი ბაზარი

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და რთველის საკოორდინაციო შტაბის მოვალეობა არის რთველის ორგანიზება იმ საწარმოებში, სადაც სახელმწიფო იბარებს ყურძენს. ფასების დადგენა, ეს არ არის სახელმწიფოს საქმე, ფასებს ადგენს თავისუფალი ბაზარი, – ასე გამოეხმაურა ღვინის ეროვნული სააგენტოსა და რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში აქციის მონაწილეების მოთხოვნებს.

„ერთადერთი, რითაც მთავრობა ჩაერია, ეს არის, მინიმალური ზღვარი, რაც სუბსიდირების შედეგად დადგინდა 80 თეთრი მინიმალური ფასი, რომლის ქვევითაც ყურძნის ფასი ვერ ჩავიდოდა. დანარჩენს არეგულირებს თავისუფალი ბაზარი. ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ ბაზარს, ვართ თავისუფალი ქვეყანა. თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ სადღაც კაბინეტში ადგენს ფასებს, ეს არის სრული სისულელე“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ყურძნის ფასთან დაკავშირებით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის მოსახლეობამ საფერავის ჯიშის ყურძენზე არსებული ფასი გააპროტესტა. მოსახლეობის თქმით, ღვინის ქარხნები მათ ყურძენს დაბალი შაქრიანობის გამო არ იღებენ, ყურძენი კი უკვე ვაზზე ხმება და წონაშიც იკლებს. ამის გარდა, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ის, რომ მწარმოებლები კილოგრამ ყურძენში 1,50 ლარს უხდიან.

აქციის მონაწილეებმა ლაგოდეხი- ყვარელის საავტომობილო გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ამის უფლება მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.

ჭიკაანის მოსახლეობა მორიგი აქციის გამართვას ხვალ,14:00 საათისთვის გეგმავს.

დატოვე კომენტარი