სოფელ ჭიკაანში საპროტესტო აქცია გაიმართა
სოფელ ჭიკაანში საპროტესტო აქცია გაიმართა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საფერავის ჯიშის ყურძენზე დაბალ ფასს აპროტესტებენ.

მათივე თქმით, ღვინის ქარხნები ერთ კილოგრამ საფერავში 1.50 ლარს სთავაზობენ, რაც მათთვის მიუღებელია.

აქციის მონაწილეებმა ლაგოდეხი-ყვარელის საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, მათ ჭიკაანის ღვინის მარანთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი შეხვდა. მერმა განმარტა, რომ ყურძნის ფასს ბაზარი არეგულირებს და ამაში ხელისუფლება ვერ ჩაერევა.

,,ფერმერსა და მწარმოებელს შორის უნდა მოხდეს ფასზე ურთიერთშეთანხმება. „ქართული ოცნების“ მმრთველობის პერიოდში ხელისუფლება არასდროს ჩარეულა ფასთა კატეგორიაში და ბიზნესის მართვაში“, – განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.

ჭიკაანის ღვინის მარნის ხელმძღვანელი მამუკა გვალია კი აღნიშნავს, რომ საფერავის ყურძნის მიღება საწარმოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მსოფლიოში პანდემიის პირობებში  პროდუქციის რეალიზაციის შემცირების გამო, საფერავის ყურძენზე, გასულ წლებთან შედარებით, დაბალი ფასია.

„იქიდან გამომდინარე, რომ შარშან ყურძენი შედარებით ძვირი იყო, წელსაც მოსახლეობას სურს, იმავე ფასად გაიყიდოს. პანდემიიდან და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, რეალიზება შემცირებულია და შესაბამისად, გასაყიდი ფასებიც არის შემცირებული. ყურძნის 1. 80 და ორ ლარად ყიდვა არარენტაბელურია და ვერ ჩავიბარებთ. თუმცა შეთავაზებული ფასიც მომგებიანია ყურძნის თვითღირებულებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მამუკა გვალიამ.

 

დატოვე კომენტარი