ლევან მეხუზლა - ქართულ ქარვისფერ ღვინოს სპეციალური ღვინის ტექნოლოგიის კატეგორია წელს თუ არა, 2021 წელს მაინც მიენიჭება
ლევან მეხუზლა - ქართულ ქარვისფერ ღვინოს სპეციალური ღვინის ტექნოლოგიის კატეგორია წელს თუ არა, 2021 წელს მაინც მიენიჭება

ქართულ ქარვისფერ ღვინოს სპეციალური ღვინის ტექნოლოგიის კატეგორია წელს თუ არა, 2021 წელს მაინც მიენიჭება, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ღვინის რეკორდული საექსპორტო მაჩვენებლები, მეღვინეობის დარგის პერსპექტივები და წელს დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ ექსპორტის განვითარებისა და გლობალურ ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ ქარვისფერ ღვინოს სპეციალური კატეგორია მიენიჭოს. აღნიშნულ საკითხს ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე განიხილავს. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, პროცესი საკმაოდ სწრაფად მიდის და სპეციალური ღვინის კატეგორია ქარვისფერ ღვინოს წელს თუ არა, მომავალ წელს აუცილებლად მიენიჭება.

„საკმაოდ წინ ვართ წაწეული ამ პროცესში. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია წელიწადში ორჯერ იკრიბება და გარკვეულ საკითხებზე მსჯელობს. ჩვეულებრივად, რაღაცა რეზოლუციის მიღებას რამდენიმე წელი სჭირდება. იქ რამდენიმე საფეხურია, რომელზეც ნელ-ნელა ავდივართ და ჩვენი მოლოდინით წელს თუ არა, ყველაზე გვიან მომავალ წელს ამ რეზოლუციას მიიღებენ. ოღონდ ერთი საკითხი უნდა დავაზუსტო: ჩვენ ამ ღვინოს სპეციალური ღვინის კატეგორიებში ვამკვიდრებთ არა ფერის მიხედვით, როგორიცაა მაგალითად წითელი ან თეთრი, არამედ როგორც სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც ჩვეულებრივ ღვინოს გარკვეულ უნიკალურ გემოს აძლევს. ასეთ კატეგორიებში არის ცქრიალა ღვინო, შემაგრებული ანუ ლიქიორული ღვინო, საფუარის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო და ჩვენი იქნება სწორი ტექნოლოგიური ტერმინი რომ ვთქვა – კანზე ხანგრძლივი მაცერაციით [ნიშნავს ღვინის ყურძნის ჩენჩოზე დატოვებას] დამზადებული ქარვისფერი ღვინო“, -დააზუსტა ლევან მეხუზლამ.