გადავწყვიტეთ, შემოვიღოთ ახალი თამაშის წესები, რაც გულისხმობს ყურძნის შეფასებას მისი ხარისხიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ლევან მეხუზლამ განუცხადა.
მისი თქმით, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება. სააგენტოს დირექტორის განმარტებით, მნიშვნელოვანია, ფერმერებმა აქცენტი არა ყურძნის რაოდენობაზე, არამედ მის ხარისხზე გააკეთონ, რაც საბოლოოდ გლობალურ ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
„ბოლო ორი წლის რთველის დროს, სახელმწიფოს უწევს ძირითადად რქაწითელის ჯიშის ჭარბი ყურძნის ჩაბარება. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო საწარმოები მაინც ჩაიბარებენ, მოსახლეობა აქცენტს აკეთებს რაოდენობაზე, რაც საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისათვის არ არის სწორი. ჩვენ უნდა გვქონდეს სრულიად უნიკალური, მაღალი ხარისხის ღვინო და თავისთავად ცხადია, რომ ღვინის ხარისხს პირველ რიგში, განაპირობებს ყურძნის ხარისხი. სწორედ ვენახში იწყება ღვინის ხარისხი. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შემოვიღოთ ახალი თამაშის წესები, რაც გულისხმობს ყურძნის შეფასებას მისი ხარისხიდან და მისი კონდიციიდან გამომდინარე. ყურძენს, რომელიც განკუთვნილი იქნება ღვინის დასამზადებლად, ექნება სხვა ფასი, ხოლო ყურძენს, რომელიც უკონდიციო იქნება და შესაბამისად, მხოლოდ სასპირტე მიმართულებით გამოდგება, ექნება სხვა ფასი“, – განმარტა მეხუზლამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორის თქმით, ყურძნის სიმწიფის ძირითადი კომპონენტი, მისი შაქრიანობაა და ჩაბარების დროს სწორედ ამით განისაზღვრება, ყურძენი ღვინის დასამზადებლად გამოდგება თუ სასპირტედ.
მეხუზლას თქმით, დაწესდა საშუალო ზღვარი – თუ ყურძნის შაქრიანობა 18 პროცენტი და მეტია, მაშინ ის ღვინის დამზადებისთვის გამოიყენება, ხოლო თუ ამაზე ნაკლებია, მხოლოდ სპირტისთვის გამოდგება. მისივე თქმით, ჩაბარების დროს ფასები მკვეთრად განსხვავებული იქნება და შესაძლოა, ღვინისთვის განკუთვნილი ყურძნის ფასი ორჯერ აღემატებოდეს სასპირტე ყურძენს.
„ყურძნის კონდიციურობის მთავარი განმსაზღვრელი არის შაქრიანობა, თუმცა შაქრიანობის გარდა, არის სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა დაავადებები, დაზიანება და ა.შ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 18 პროცენტი შაქრიანობისა იქნება ის ზღვარი ზოგადად, რაც გაავლებს ხაზს ღვინისთვის განკუთვნილ და სპირტისთვის განკუთვნილ ყურძენს შორის. გარდა ამისა, დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებს, რომლებიც უფრო მაღალხარისხიანი უნდა იყოს, თავის სპეციფიკაში უწერია შაქრის ის რაოდენობა, რაც მოეთხოვება ყურძენს. მაგალითად, მუკუზანის შემთხვევაში ეს არის 19 პროცენტი, ქინძმარაულის შემთხვევაში, რომელიც არის ბუნებრივად ტკბილი, არის 22 პროცენტი. ასე რომ, ეს გრადაციები იქნება მკაცრად კონტროლირებადი რთველის დროს. ანუ დაცული ადგილწარმოშობის ღვინო, შემდეგ ჩვეულებრივი ღვინო და შემდეგ უკვე ის ყურძენი, რომელიც საღვინედ არ გამოდგება და იქნება სასპირტე მიმართულების“, – განმარტა ლევან მეხუზლამ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მოვლის კომპონენტი. მეხუზლას ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები უახლოეს მომავალში სოფლებში შეხვედრებს გამართავენ და ფერმერებს სხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაუზიარებენ.
„ეს არის ნაბიჯი, რომ სწორად გასხლან ფერმერებმა ვენახი და ზედმეტად არ დატვირთონ ვაზი. შემდგომ უკვე ნაკლები სასუქი და ნაკლები მორწყვა უშუალოდ რთველის წინ. შეწამვლას რაც შეეხება, ერთი არის დაავადებების წინააღმდეგ, რაც გარკვეულ კლიმატურ პირობებში და გარკვეულ პერიოდში აუცილებელია. გარდა ამისა, არის აზოტოვანი სასუქის ჭარბად შეტანა, რაც ბერავს ყურძენს და ვაზი ძალიან ბევრ ყურძენს ისხავს. თუმცა ამ სიჭარბის გამო, ვერ ახერხებს მთელი იმ სიკეთის ჩადებას თავის ნაყოფში, რაც საჭიროა მაღალხარისხიანი ღვინის დასამზადებლად. ზომიერება ყველაფერში საუკეთესო გამოსავალია. საბოლოოდ ეს მაინც ფერმერის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ სწორედ იმიტომ ვიწყებთ კომუნიკაციას, კარდაკარ სიარულს კახეთში, რომ მზად იყვნენ და თავის მოსავალსა და შედეგზე თავად აგონ პასუხი.
ამასთან, მიმდინარე წელს კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე. იმისთვის, რომ დამზადდეს დაცული ადგილწარმოშობის ღვინო, მხოლოდ გარკვეულ გეოგრაფიულ ზონაში მისი მოყვანა საკმარისი არ იქნება.
სპეციფიკაციაში პირველი რაც დევს და რაც ზოგადად არის ადგილწარმოშობის ერთ-ერთი მთავარი არსი, არის ის ადგილობრივი ტრადიციები და ის ისტორია, რაც საფუძვლად უდევს ამა თუ იმ ღვინოს.
ის, რომ ხვანჭკარა უკვე საუკუნეზე მეტია მზადდება ალექსანდროული და მუჯურეთული ჯიშის ყურძნებისგან, სწორედ არის უკვე კანონის რანგში აყვანილი და ჩაწერილი ამ სპეციფიკაციაში. ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნები თავისი არსით განსხვავდება საფერავისგან. ხვანჭკარას შემთხვევაში ნაკლებია საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა, მაქსიმუმ შვიდი ტონა ჰექტარზე, მაშინ როდესაც საფერავისგან დამზადებული, იგივე მუკუზანის შემთხვევაში 10 ტონაა. ანუ ეს უკვე ჯიშის ინდივიდუალური თვისებებიდან გამომდინარეობს. თუმცა, აქაც თავისუფალი არჩევანი აქვს ფერმერს. შეუძლია, აწარმოოს შვიდ ტონაზე მეტი, უბრალოდ ვერ გამოიყენებს სახელს ხვანჭკარა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვენახი შეიძლება გაშენებული იყოს რაჭაში, ხვანჭკარას მიკროზონაში“, – განმარტა საქართველოს პირველ არხთან საუბარში ლევან მეხუზლამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ყურძნის ხარისხზე კონტროლის გამკაცრება, ქვეყანას მისცემს საშუალებას, მაღალი ხარისხის უნიკალური ღვინოები აწარმოოს და საერთაშორისო ასპარეზზე წამყვანი ადგილი დაიმკვიდროს. ამასთან, როგორც მეხუზლამ აღნიშნა, ეს დაეხმარება სახელმწიფოს ეტაპობრივად გამოვიდეს რთველის სუბსიდირებიდანაც.