New York Post-ი ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს - „შეიძლება აღმოჩნდეთ ქართული ღვინის მარანში, სადაც კვერცხის ფორმის ქვევრს ხსნით, უძველეს ჭურჭელს, რომელიც დუღილისთვის გამოიყენება“
ამერიკულ გამოცემაში, New York Post-ში დაიბეჭდა სტატია სათაურით „დაივიწყეთ საფრანგეთი, მსოფლიოს ამ გამორჩეული რეგიონების ღვინოები დაგემოვნებად ღირს“, სადაც ქართულ ღვინოზე და საქართველოზეც არის საუბარი.
სტატია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის, Colangelo & Partners-ის ჩართულობით მომზადდა.
სტატიის ავტორი ალექსანდრა ოუენსი (Alexandra Owens) მკითხველს საქართველოში სტუმრობას და ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს.
სტატიაში საუბარია ქართული ღვინის რვაათასწლიან ისტორიაზე, ჯიშების მრავალფეროვნებასა და იუნესკო-ს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებაზე.
„შეიძლება აღმოჩნდეთ ქართული ღვინის მარანში, სადაც კვერცხის ფორმის ქვევრს ხსნით – ერთგვარ უძველეს ჭურჭელს, რომელიც დუღილისთვის გამოიყენება“, – აღნიშნავს ავტორი.
New York Post-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყოველდღიური გამოცემაა, რომელიც 1801 წელს დაარსდა და ამჟამად მილიონობით მკითხველი ჰყავს როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინ გამოცემაში.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო, მრავალი წელია, თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო მედიაკომპანიებთან, როგორებიცაა CNN-ი, CBS-ი, Netflix-ი, The New York Times-ი, Wine Enthusiast-ი და სხვა.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.