ლევან კობერიძე - ვფიქრობ, დღევანდელი კენჭისყრით ჩვენს მოსახლეობას მოლოდინი გაუცრუვდა
ვფიქრობ, რომ დღევანდელი კენჭისყრით ჩვენს მოსახლეობას მოლოდინი სამწუხაროდ გაუცრუვდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი ჩავარდნის შესახებ განაცხადა.
„საკმაოდ დამაფიქრებელი იყო, რომ ძალიან ბევრმა შეიკავა თავი. ვფიქრობ, რომ ბევრ ჩვენს კოლეგას არ უნდოდა, ეტყობა, ძალიან მკაცრად და მკაფიოდ დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით. ცოტა გამიკვირდა, სიმართლე გითხრათ, ისევე როგორც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კრიტიკის შემდეგ, რომ იურიდიულმა კომიტეტმა თავშეკავებულად ჩააგდო კანონპროექტი. თითოეული დეპუტატი თავის გადაწყვეტილებას იღებს პულტთან ერთი-ერთზე, ეს არის მაღალი პასუხისმგებლობა, რაც გაგვაჩნია.
ნებისმიერი რამ, ნებისმიერი განცხადება და შიდა მსჯელობა საჭიროა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მიიღო ინდივიდუალური გადაწყვეტილება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი ხარ მხოლოდ შენ. შენ შვილებს ვერასდროს ვერ აუხსნი, რომ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს ან სხვა რაიმეს საფუძველზე მიიღე“,- განაცხადა კობერიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი კენჭისყრაზე პირველი მოსმენით ჩავარდა. დღევანდელ სხდომაზე ცვლილებები ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესელიამ წარადგინა. ინიციატივაზე მსჯელობა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.