ლევან კობერიძე - თუ ჩემი პოზიცია ვინმეს მოსაზრებას ემთხვევა, არ ნიშნავს, რომ რომელიღაც ჯგუფს მივეკუთვნები
ლევან კობერიძე - თუ ჩემი პოზიცია ვინმეს მოსაზრებას ემთხვევა, არ ნიშნავს, რომ რომელიღაც ჯგუფს მივეკუთვნები

თუ ჩემი მკაფიოდ გამოხატული პოზიცია ვინმეს მოსაზრებას ემთხვევა, არ ნიშნავს, რომ რომელიღაც კონკრეტულ ჯგუფს მივეკუთვნები, მე ვარ უმრავლესობის წევრი და ყოველთვის ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

ჟურნალისტებმა კობერიძეს ჰკითხეს, ეკა ბესელიას მიერ ფრაქციის დატოვების შემთხვევაში, ხომ არ შეუერთდება მის გადაწყვეტილებას. ლევან კობერიძემ აღნიშნული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ თუ ვინმე რაიმე ნაბიჯის გადადგმას აპირებს, თავად მას უნდა ჰკითხონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, შევეცადოთ, რომ ნებით თუ უნებლიედ, რაღაც იარლიყების მიკერება არ მოხდეს. ამ შემთხვევაში, მე მაქვს ჩემი მკაფიოდ გამოხატული პოზიცია, თუ ის ვინმეს მოსაზრებას ემთხვევა, არ აქვს მნიშვნელობა, ეკა ბესელიას, გედი ფოფხაძის, მამუკა მდინარაძისა თუ ჩვენი გუნდის სხვა ნებისმიერი წევრის, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიღაც კონკრეტულ ჯგუფს მივეკუთვნები. მე ვარ უმრავლესობის წევრი, მაქვს ჩემი ძალიან მკაფიო პოზიცია საკითხებზე, რომელთაც ყოველთვის ვაფიქსირებ. შესაბამისად, თუ რომელიმე ადამიანი რაიმე ნაბიჯის გადადგმას აპირებს, ეს მათი უფლებაა და მათ უნდა ვკითხოთ ამის შესახებ“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

რაც შეეხება მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს, რასაც ეკა ბესელია თანამდებობის დატოვებას უკავშირებს, ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, იუსტიციის საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის, წარდგენისა და დამტკიცების მკაფიო პროცედურა უნდა დაადგინოს.

„რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სიას, ჩემი პოზიცია ძალიან მკაფიოა, მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლო არის უმაღლესი საკასაციო ინსტანცია სასამართლო სისტემაში და აქ პროფესიონალიზმზე არ არის საუბარი. ყველაზე მთავარი კრიტერიუმი არის რეპუტაცია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იდგეს, ასეა მთელს მსოფლიოში და ეს არის მეორე მთავარი კრიტერიუმი“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობები დატოვეს. ამის შემდეგ  გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს, ხოლო გუშინ ის ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია.